ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფახულანში განთავსებულ საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე არსებულ მოსასვენებელ ვაგონში, სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელმა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ.ჯ.-მ, დათვალიერების მიზნით, იარაღების შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი უნებართვოდ აიღო, დაუდევრად მოეპყრო მას, რა დროსაც განახორციელა გასროლა. სროლის შედეგად დაიჭრა სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელი (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ.რ., რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.