logo_geo
eng_logo
„ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენ გმირსო“ - გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო!
- +

26 თებერვალი. 2018. 21:54


 

ლევან შერმადინი არჩილ ტეტუნაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და ვერაგულად მოკლულ გმირს გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის:


„- გვაპატიე, ძმაო, ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან- ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენ გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ქალაქ ცხინვალიდან. ვინ იცის როგორ გიჭირდა, მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგიკვნესია, არასდროს დაგიწუწუნია, არასდროს დაგიხევია უკან.


მუდამ საუკეთესო იყავი ბრძოლის წინა ხაზზე თუ ყოველდღიურ ყოფაში, ყველას შენი იმედი ჰქონდა, ყველასთვის გყოფნიდა სითბო და ენერგია.


გუშინ გაქვავებულმა ბებიაშენმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაგატირა: ,,აჩიკო შვილო ვინ მოგერიაო'' მძიმე ჟამს ამაზე მეტი გმირობა რა გინდა მანდილოსნისგან რომ გაიგო.


ყველამ იცის რომ ქსნის ხეობაში ყველაზე საუკეთესო მებრძოლებს შენს სოფელში-ყანჩავეთში ზრდიდნენ, მადლობა აჩი შენს სოფელს, შენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს შენი სახით ასეთი ლომი რომ გაუზარდეს სამშობლოს!


რას ვიზამთ, ესეც ბედი ყოფილა, მაგარ ქვეყანაში ცუდ დროს დაბადება...


როგორ მინდა რომ შენ სიკვდილში ქართველის ხელი არ ერიოს...


როგორ მინდა შენი დაღვრილი სისხლი ოკუპირებულ საქართველოში ბოლო იყოს...


გვაპატიე, რომ შენს საფიცარ საქართველოში ვიღაც აზერბაიჯანელი მუხთალი უფრო ეძვირფასებათ ვიდრე შენ - მამულისათვის ზვარაკად შეწირული ხარი...


გვაპატიე სხვადასხვა ვაი პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ ძალებს რომ მივეცით საშუალება შენი უბედურებით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის...


გვაპატიე შენ ხეობელებს, ეს დუმილიც გვაპატიე, ჩვენი ხმაურით რომ გვეშინია შენი ნაწამები სხეულის ოჯახისათვის ცხინვალიდან გადმოცემას რაიმე პრობლემა რომ არ შევუქმნათ...


გვაპატიე რომ ჩვენი გაუბედურებული ცხოვრებისა თუ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გამო ვერ დაგაფასეთ, ვერ მოგიფრთხილდით, სათანადოდ ვერ მოგიარეთ.


ბოლოს რომ გნახე გითხარი : ,,რათ გინდა რომ რისკავ, რამე შარში არ გაეხვე მეთქი'' და ,, მეც ეგ მინდა, ნეტა რამე მითხრანო''- ისე მიპასუხე გულში სიამაყისგან ცრემლები ჩამეღვარა, ვიცი ძმაო რომ შენც ეგ გინდოდა, ეგეთ სიკვდილს ნატრობდი და აგისრულდა კიდეც, ვალმოხდილი შეუერთდი ქართველთა ზეციურ მხედრობას!


ალალი იქნება შენს გულზე დაყრილი ქართული მიწა, გჯეროდეს, შენს მეგობრებს უკანასკნელ ამოქშენამდე, სანამ ბოლო წვეთი სისხლი გვიდუღს ძარღვში, (ყველანაირი მეთოდებით) ვიბრძოლებთ საქართველოს გაერთიანებისათვის!


შენ სიცოცხლეშიც გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო- ახლა ჩვენი ჯერია!"


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner