სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ან მის მიმართ განხორციელებულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას - 15 დღემდე ვადით.
პროექტით, ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.
„ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არსებობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია 250 ლარიდან 2000 ლარამდე ისჯება. ეს მინიმალური ზღვარი შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზღვარგარეთის პრაქტიკაა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გერმანიაში ჯარიმის თანხა 150-დან 2500 ევრომდე მერყეობს, ხოლო უხამსი შეურაცხყოფა შესაძლოა 4000 ევროთი დაჯარიმდეს.
ვაშინგტონში ჯარიმა 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო კალიფორნიაში - 2000 აშშ დოლარამდე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.