„ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ახალ „თანადაფინანსების გრანტების პროგრამას" ვიწყებთ, რომლის ჯამური მოცულობაა 2 მლნ ლარი. ეს თანხა, როგორც გრანტი, გამარჯვებულ სტარტაპერებს გადაეცემათ. თუმცა მთლიანი თანხა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად დახარჯავს, ჯამში 2,8 მლნ ლარს გადააჭარბებს" , - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საგრანტო პროგრამის დაწყების ოფიციალურ პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოსული ინოვაციური განაცხადებიდან უცხოელი ექსპერტები შეარჩევენ მათ, რომელთაც გლობალურ ბაზრებზე განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შემდეგ, სტარტაპერები შეისწავლიან, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული იდეების ნამდვილ საინვესტიციო წინადადებებად ჩამოყალიბება და შემდგომში ინვესტორებისთვის წარდგენა.
„ყველას მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროგრამაში. დღეიდან ვებგვერდზე grants.gov.ge უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. ძალიან მინდა, რომ ამ შესაძლებლობით ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს და შესაბამისად, თავიანთი განაცხადები შემოიტანონ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„თანადაფინანსების გრანტების პროგრამა" მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში გამოცხადდა. მისი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.