logo_geo
eng_logo
„მანჩესტერ სიტი“ vs „რეალი“ - ცხელი გულითა და ცივი გონებით! (პრევიუ)
- +

26 აპრილი. 2016. 18:22


ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტი" მადრიდის „რეალს" უმასპინძლებს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. მატჩს თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაკირი განსჯის. ფეხბურთელებმა წინასამატჩო ვარჯიშებიც ჩაატარეს და ახლა დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.


მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტიში" დიდი თანხა ჩაიდო და საჩემპიონო გუნდის მზადების პროცესი დაიწყო, კლუბმა პრემიერ ლიგაში თავი არაერთხელ გამოიჩინა, თუმცა მთავარი მიზანი - ჩემპიონთა ლიგის ტიტული, დღემდე მიუღწეველი რჩება „ქალაქელთათვის". ევროასპარეზზე, მიმდინარე სეზონი „სიტისთვის" გასულებთან შედარებით საგრძნობლად წარმატებული გამოდგა. გუნდი ისტორიაში პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე.


რაც შეეხება მადრიდის „რეალს", გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს, ფეხბურთელების გაათმაგებული შემართება თამაშსაც დაეტყო და ფრანგი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტიტულის მოპოვებას მადრიდის „რეალთან" ერთად, უკვე მწვრთნელის რანგში, წელსვე გეგმავს.


ევროთასებზე „სიტი" და „რეალი" აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - 2012/2013 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე. მადრიდული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით - 3:2 დასრულდა, ინგლისში კი გუნდები ფრეს (1:1) დასჯერდნენ. მაშინ ჟოზე მოურინიოს „რეალმა" ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით გადალახა, რობერტო მანჩინის „სიტი" კი ჯგუფში ბოლო ადგილით ჩარჩა.


დღევანდელ შეხვედრაში „ქალაქელებს" იაია ტურე ვერ დაეხმარება. ამ დანაკლისმა შესაძლოა გარდამტეხი როლი შეასრულოს მატჩის შედეგზე, რადგან „რეალის" დამანგრეველი თავდამსხმის წინააღმდეგ ისეთი გამოცდილი ჩამშლელის არყოფნა, როგორიც კოტ დ'ივუარელია, დიდ პრობლემებს შეუქმნის პელეგრინის გუნდს.


კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფერნანდოს თამაშიც, „რეალის" რიგებში კი შესაძლოა დღევანდელ მატჩში მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა ვერ ვიხილოთ.


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:


„მანჩესტერ სიტი" (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ხესუს ნავასი, დე ბრეინე, დავიდ სილვა - აგუერო.


„რეალი" (4-3-3): კეილორ ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, რონალდუ.


დღევანდელი დაპირისპირების წინ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.


მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი"): „ნახევარფინალში თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან „სიტის" აქამდე ჯერ არ მიუღწევია. ფეხბურთელებმა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ყველას სურს, რომ სვლა გავაგრძელოთ და ნახევარფინალზე არ შევჩერდეთ. ფინალში გასვლა ყველას სურს.

მაყურებელი იხილავს „სიტის", რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ფინალში გასვლის მიზნით, მხოლოდ დაცვას არ დავუთმობთ ყურადღებას. ჩემს გუნდებს ყოველთვის შეტევისკენ და ხარისხიანი თამაშისკენ მოვუწოდებ. ცხელი გული და ცივი გონება გვმართებს. ჩვენი ემოციები უნდა გავაკონტროლოთ."


ზინედინ ზიდანი („რეალი"): „კარგ ფორმაში ვართ, შეიძლება ითქვას, რომ სეზონის მანძილზე საუკეთესოში. გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გოლი გაიტანოს და არ გაუშვას. ვფიქრობ, რომ შანსები გუნდებს თანაბარი აქვთ. შეიძლება დიდი ხანი ემზადებოდე მატჩისთვის, შემდეგ მოედანზე გახვიდე და ნახო, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. 150%-ით უნდა დავიხარჯოთ.

„მანჩესტერ სიტი" დიდი გუნდია. თუ „ქალაქელებს" ბევრ თავისუფალ ზონას მივცემთ, პრობლემებს შეგვიქმნის. უბურთოდ „რეალი" კომპაქტურად ითამაშებს დაცვაში, ხოლო როცა ინიციატივას დავეუფლებით, შევუტევთ. ფეხბურთელები მობილიზებულნი არიან. 2014 წელს გასახდელში მსგავსი ატმოსფერო სუფევდა."


მადრიდის „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში მადრიდის „ატლეტიკოსა" და მიუნხენის „ბაიერნს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. დიეგო სიმეონესა და ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები ერთმანეთს პირველ ნახევარფინალურ მატჩში ხვალ, „ვისენტე კალდერონიზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner