საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნონა გაფრინდაშვილის 75-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაგეგმილი „ვარსკვლავის" გახსნის სამზადისის მიმდინარეობა და ღონისძიებისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი საკითხები .
3 მაისს საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველი მოჭადრაკეს, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ „ვარსკვლავს" გაუხსნიან.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. ღონისძიება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება.