logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ოპონენტებს სურთ, შექმნან ილუზია, რომ გვძინავს, მაგრამ მთავრობას არ სძინავს!
- +

27 თებერვალი. 2018. 10:43


 

„ოპონენტებს სურთ, შექმნან ილუზია, რომ გვძინავს, მაგრამ მთავრობას არ სძინავს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.


„მოვლენების განვითარების შესაბამისად, ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროა. ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შექმნილი სამუშაო შტაბი, შარშანდელიდან მოყოლებული, არც ერთი წუთით არ გაჩერებულა. ბატონი ზურაბ ლიპარტია, ფაქტობრივად, ყოველდღე რეგიონებშია და მოსამზადებელ სამუშაოებშია ჩართული.

 

სამინისტროს სტრატეგიის ნაწილია ტექნიკის შეძენა, გამართვა, მობილიზება, ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ა.შ. ეს სტრატეგია იმ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც 2017 წელს დაგვიგროვდა. სოფლის მეურნეობაში ასეთი გამოწვევები პერიოდულად დგება. სწორია, მათ ადეკვატურად ვუპასუხოთ და არა პოპულისტურად, განცხადებების დონეზე, რომ საგანგებო მდგომარეობის შტაბი შევქმნათ და სამხედროები ქუჩაში გამოვიყვანოთ, რაც არასერიოზულია.

 

ასეთი განცხადებებით მოსახლეობასთან რა ტიპის მესიჯები მიგვაქვს?! ფაქტობრივად, ამით ვეუბნებით, რომ თუ ჯარი არ გამოვიდა, მათ რაც არ უნდა გააკეთონ, საქმეს არ ეშველება. ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. საჭიროა, ჩვენ სწორი კომუნიკაცია მოვახდინოთ, რომ მოსახლეობამ თავისი როლი გაითავისოს და პრობლემას როგორც შეუძლია, ისე ებრძოლოს.

 

ზარალი გვექნება, რაც რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, მაგრამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსავალს ტოტალურად ვერ გადავარჩენთ, მაგრამ მავნებლის პოპულაცია მაქსიმალურად უნდა შევამციროთ და მოსავლის გარეშე არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ბრძოლა ღირს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner