„ცაბაძის ქუჩაზე ბაზრობა „თერგში" ხანძრის მიზეზების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.
კითხვას, შეიძლებოდა თუ არა, რომ ხანძარი შეგნებულად გაჩენილიყო, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გამოძიება გაარკვევს მიზეზებს და გაგაგებინებთ დამატებით დეტალებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში" ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ/მ ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.