სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შესაბამისი ცვლილებები ინიცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, დღეს არსებული სანქციები კი შემაკავებელი ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.
„სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური და გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებაზე. მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება საზოგადოების ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება ან/და მოშლა გამოიწვიოს. პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არარსებობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია, განსაკუთრებით კი მისი მინიმალური ქვედა ზღვარი, შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტიანად ვერ ასრულებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.