logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: 14 წლამდე დამნაშავეების უკან მდგომი ჯგუფები დავადგინეთ
- +

27 თებერვალი. 2018. 15:03



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან.


„14 წლამდე მოზარდებში დანაშაული მცირედით მომატებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ანუ ეს მოზარდები უფრო ხშირად სჩადიან, მაგალითად, ქურდობას და ნაკლებად ძალადობრივ დანაშაულს. რაც შეეხება მათ მართულობას, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან, რომლებმაც ასევე იციან, რომ ამ ბავშვებს არავითარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.

 

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შსს-ს პრობლემა არაა. ძალიან კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რაც უკვე დავიწყეთ. შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მესამე შეხვედრაა დაგეგმილი ამ ჯგუფის, სადაც სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ. დღეს პრობლემაა რეფერირების მექანიზმი. ცუდად მუშაობს ეს მექანიზმი. 14 წლამდე მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიება წყდება და მორჩა, წერტილი. იმის იქით ამ ბავშვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში გადამისამართება არ ხდება, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.


მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე და მეორე მხრივ, დანაშაულის ჩამდენი მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იმუშავებს.


16 თებერვალს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე იმსჯელეს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, 14 წლამდე ბავშვებში დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს.


დღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მხოლოდ 14 წლიდან მოქმედებს, ამიტომ ბოლო პერიოდში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი გახშირებული დანაშაულების გამო, საკანონმდებლო ორგანო ბავშვთა კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმაზე მუშაობს.


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner