პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია პროკურორის ქალიშვილის თაკო გერგედავას სწავლის დაფინანსების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
„ძალიან გავბოროტდით! ძალიან დაუნდობლები გავხდით!
ის, ვინც ეს სკანდალი ააგორა, უბრალოდ, ჩასაფრებული და ბოღმიანი ადამიანია! საშიში ადამიანი!
და ის, რომ მან შეძლო ჩვენი შვილებისთვის ტკივილის მიყენება, მერიის უსუსურებაზე მეტყველებს!
სამი კითხვა მაქვს.
1. რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას უფლება, დააფინანსოს საკუთარი თანამშრომლის სწავლა ან კვალიფიკაციის ამაღლება?
2. რატომ უნდა იყოს პროკურორი სავალდებულოდ ფულიანი, კორუმპირებული (რაიმე სტანდარტი არსებობს?)
3. როდემდე იქნება თბილისის მერია შეშინებული, ჩასვრილი ბავშვის მდგომარეობაში, ათასი რჯულის ინტრიგანის ბრალდებების მიმართ?
თაკო, ირაკლი, გვაპატიეთ, შვილებო!!!!
ცხოვრება ძალიან უსამართლო და სასტიკია, მაგრამ საოცრად ლამაზი და საინტერესო!!! რადგან ასე მოხდა, არ დაიბნეთ, არ დაითრგუნოთ! მოემზადეთ ბრძოლისთვის. არ დამორჩილდეთ უნამუსობას! არ შეგეშინდეთ ჩასაფრებული ადამიანების! ისინი ძალიან საბრალონი არიან!!!" - წერს ხათუნა ხოფერია.
გუშინ თაკოს გერგედავას მეგობარმა ირაკლი სულაბერიძემ გამოაქვეყნა წერილი და თაკო გერგედავას განცხადების ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ პროკურორის ქალიშვილს მერიიდან 5 000 ლარი სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუღია.
„თაკო ტესტირების შედეგად მერიაში დაინიშნა სამუშაოდ. როცა სორბონადან, ფრანგულენოვან კურსებზე ჩარიცხვის შესახებ ცნობა მიიღო, სადაც სწავლა მხოლოდ 500 ევრო ჯდება. სხვადასხვა ფონდებში ვცდილობდით დაფინანსების მოძიებას პარიზში ყოფნის ხარჯების ასანაზღაურებლად", - წერს ირაკლი სულაბერიძე.