logo_geo
eng_logo
დოდო გუგეშაშვილი: ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება არის ჩემი მეგობარი და მას არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს…
- +

27 თებერვალი. 2018. 19:06




„პრაიმტაიმში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილული იყო დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის რამდენიმე ვერსია, მათ შორის ერთ-ერთი 2014 წელს გუგეშაშვილის უკრაინაში, კერძოდ, დონბასის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას უკავშირდებოდა.


„პრაიმტაიმის" განმარტებით, სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოც, სადაც გუგეშაშვილი იქ მყოფ ერთ-ერთ მებრძოლთან ერთად არის ასახული, სწორედ იმის საილუსტრაციოდ დაიბეჭდა, რომ ის ნამდვილად იბრძოდა დონბასში რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ, თუმცა ფოტომ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, ვინაიდან ამავე სტატიაში საუბარი იყო იმაზეც, რომ თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან ერთად, სავარაუდოდ, ფოტო-სელფი გადაიღო.


„ცხადია, აქ არ იგულისხმებოდა 2014 წელს უკრაინაში გადაღებული ფოტო, რომელიც სტატიაში  გამოყენებული იყო მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ გუგეშაშვილი 2014 წელს უკრაინაში იბრძოდა", - წერს „პრაიმტაიმი".


ფოტოსთან დაკავშირებით არსებულ გაურკვევლობაზე განმარტება თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გააკეთა.

 

„იმ ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება არის ჩემი მეგობარი და მას არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს. გარდა ამისა, სტატიაში თავდასხმის ერთ-ერთ ვერსიად განხილული იყო ის, რომ მე რაღაც ტიპის უთანხმოება მქონდა უკრაინაში და ამიტომ დავტოვე დონბასი. რეალურად, მე იმ ვადით მივდიოდი ხოლმე უკრაინაში ჩემი მეგობრების დასახმარებლად საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიც იყო კანონით დადგენილი ყოველგვარი ვადების გაგრძელების გარეშე. ანუ სამ თვეზე მეტ ხანს არ შემეძლო იქ გაჩერება. როგორც კი შევაგროვებდი ორივე მიმართულების გზის ფულს, მივდიოდი და ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 1990-იანი წლების დასაწყისში 14 უკრაინელი ვაჟკაცი დაიღუპა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში. ქართველები ხომ არ ვართ ადამიანები, რომლებსაც ცალმხრივი მეგობრობა ახასიათებთ. სწორედ ამიტომ წავედი მე უკრაინაში. მით უმეტეს ჩვენ გვყავს საერთო მტერი და დღეს უკრაინა გადის იგივე უბედურებას, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თუმცა პროცესი ახლაც გრძელდება. ამხელა ტრაგედია ტრიალებს ჩემს თავს, მაგრამ ვფიქრობ, რაკი ეს თემა წამოიწია, პასუხი უნდა გამეცა. რაც შეეხება ჩემს პირად ტრაგედიას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შვილი მყავდა. ერთადერთი შვილი, რომელიც ხელიდან გამომაცალეს. მე არ მქონია ვარდებით გავლილი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების გზა სულ ეკლიანია. ერთადერთი, თუ რაიმე სინათლე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გახლდათ ნოდო. ამ უბედურების ჟამს, სამწუხაროდ, მე მიწევს ჩემი მეგობრების დაცვა, რომ მათ არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვთ", - განაცხადა გუგეშაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner