ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რატომ ვასიგნალებთ გზაზე:
ევროპის ქუჩებში მძღოლები თითქმის არ ასიგნალებენ, ჩვენთან პირიქით. ჩვენთან დასიგნალება აგრესიის გამოშვების საშუალებაა, გინების ალტერნატივა. დასიგნალების მიმეზი კი ძირითადად გზის არდათმობაა, ისევ აგრესიის გამოშვების საშუალება. გზის დათმობა საქართველოში სისუსტედ აღიქმება, მარცხის და „დაზადვნის" ალტერნატივაა. ქვეითად მოსიარულისთვის გზის დათმობა კი ბატონყმობას გავს, მძღოლს გაუმართლა, მას მანქანის და ბენზინის თავი მაინც აქვს, ქვეითი კი მდაბიოა, ამიტომ მდაბიომ გზა უნდა დაუთმოს აზნაურს.
სამაგიეროდ ამ აზნაურებმა(ტაქსისტები, მცირეგაბარიტიანი ან ძველი მანქანების პატრონები) ხელი არ უნდა შეუშალონ ძვირადღირებული ავტომობილების მფლობელ თავადებს და უნდა ხვდებოდნენ, რომ საქართველოში ძვირფასი მანქანა ავტომატურად ნიშნავს აღმატებულებას სხვებზე, ამიტომ გზაზე პრიორიტეტი ავტომატურად ენიჭება თავადს. მართალია ავტოაზნაურობა ხვდება და ღიზიანდება, მაგრამ დაუწერელი იერარქია თავის საქმეს აკეთებს, აზნაური გზას უთმობს თავადს და მერე შეიძლება შეიგინოს, ოღონდ სიგნალის გარეშე. საქართველოში დასიგნალებაც იერარქიის დაცვით ხდება. თავადებზე მაღლა დგას ავტორაინდთა კასტა, რომელსაც ყველა ცნობს „მიგალკებით" და გამორჩეული, მოგუდული სიგნალებით. რაინდებს არ სჭირდებათ ხმამაღალი დასიგნალება, ერმა იცის როგორც უნდა მოიქცეს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც გინება სალონებს არ სცდება.
ასე ცირკულირებს აგრესია საქართველოს ქუჩებში, სადაც ყველა ყველასთვის მტერია, სადაც ყოველი მგზავრობა ბრძოლის ველს გავს და სადაც ყველას სადღაც ეჩქარება. ევროპაში არ ჩქარობენ და კარგად ცხოვრობენ, საქართველოში კი ჩქარობენ ზუსტად იმიტომ რომ ცუდად ცხოვრობენ, ნევროზი აქვთ და განკურნების ნაცვლად, კიდევ უფრო მუხტავენ ერთმანეთს ნეგატივით. ეს ტოტალური აგრესია იმდენად დიდია, რომ მას მაშინვე გრძნობს სამშობლოში სტუმრად ჩამოსული ფაქტიურად ყოველი პირველი ემიგრანტი. ჩამოდის, ჩერდება ცოტა ხნით და მერე გარბის უკან, ემიგრაციაში, რადგან არ შეუძლია ამდენი კვლავ წარმოებადი აგრესიის, ამ უაზრო ქიშპობების, ლატენტური მონობის, ტოტალური და ყოვლისმომცველი დეპრესიის ატანა.
ეს სტატუსიც დასიგნალებაა იმ გზაზე, რომელზეც ჩვენი საზოგადოება მოძრაობს და მისი ხმაც ისევე იკარგება სხვა სიგნალების კაკაფონიაში, როგორც ეს ხდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ქუჩებში... და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს გზა, რომელზეც ასე ვიღლებით ერთმანეთის გადასწრებაში გინებასა და დასიგნალებებში, რეალურად არსად არ მიდის, წრეზე ვმოძრაობთ, ჩვენს მიერვე აშენებულ ჩაკეტილ წრეზე", - წერს უძილაური.