შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის მამის თქმით, მან და მინისტრმა ზოგადად გამოძიებაზე ისაუბრეს. გადმოსცემს თუ არა ხვალ ნამდვილად რუსული მხარე ცხედარს, ოჯახისთვის უცნობია. ამის შესახებ imedinews-ი იუწყება.
გარდაცვლილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ საუბარი მინისტრთან იმედისმომცემი იყო.
ახლა წილკანში, ტატუნაშვილის ოჯახში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე მოვიდა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და „საშვებს."
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.