„სულ რომ ტანკებით შემოვიდეს სააკაშვილი, ჩვენ წინ უნდა გავუწვეთ! პირადად მე, ასე მოვიქცევი. პირველი ვიქნები მათ შორის, ვინც ამ ტანკს წინ გაუწვება", - ასე ეხმაურება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექს-პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.
„უმჯობესია, გავნადგურდე, ვიდრე სააკაშვილი ვიხილო ჩვენს ქვეყანაში. ეს უნდა დამთავრდეს.
მარტო თავისი შვილის თანაკლასელების 15 მამა ჰყავს ციხეში დაჭერილი. ეს ნორმალური კაცის გაკეთებულია?! ეს არის კაცი, რომელიც სამშობლოს გაყიდის, რომ სხვა ქვეყანაში თანამდებობა მიიღოს. ეს არის კაცი, რომელიც ციხეებს აშენებდა და ძეგლებს ანგრევდა. მას სულიერი არაფერი გააჩნია. ეს არის კაცი, რომელიც ელაქუცებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ფარულ კადრებს იღებდნენ და აფინანსებდნენ ამ ყველაფერს. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს შიზოფრენიული მოვლენა ქართულ სინამდვილეში კვლავ ვიხილოთ", - განაცხადა მოლაშვილმა.