„ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მოახდინოს შემოწმება, არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მისი თქმით, ამ ცვლილებას ბევრი მწარმოებელი ითხოვს, რათა რეალურ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ.
„ეს არის სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ის ფასი გადაიხადოს პროდუქციაში, რა მარკირებაც პროდუქციას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი, ერთი მხრივ, იქნება დარწმუნებული, რომ მარკირება, რომელიც პროდუქციას აქვს, შეესაბამება შიგთავსს. მეორე მხრივ კი, არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდებიან ის კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების ნაწილშიც. მისი თქმით, ამ კანონით ასევე მოწესრიგდება, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს პროდუქცია, რომელსაც მწარმოებელი აწარმოებს ან იმპორტიორს შემოაქვს.