logo_geo
eng_logo
რა ბედი ელით სტუდენტებს, რომელთა უნივერსიტეტებსაც აკრედიტაცია გაუუქმეს?
- +

28 თებერვალი. 2018. 16:03


 

საქართველოს უნივერსიტეტებში 2018 წლიდან 1140-ზე მეტი სასაწავლო პროგრამის აკრედიტაცია დაიწყო. შემოწმების შედეგებსა და შემდგომ აკრედიტაცია/ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას. უნივერსიტეტების პროგრამების ნაწილი აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილეს და გადაწყვეტილებაც გამოტანილია. თუმცა, მთავარი კითხვაა, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომელთა პროგრამასაც ავტორიზაცია არ მიანიჭეს.


„პრაიმტაიმი" 2018 წელს აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაინტერესდა და იმ უნივერსიტეტების სიას აქვეყნებს, რომლებსაც აკრედიტაცია გაუუქმდა.


ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე 2018 წელს აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული 21 გადაწყვეტილებაა გამოქვეყნებული, რომელთაგან 5 აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ეხება, სამი უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამისთვის პირობით აკრედიტაციას ერთი წლის ვადით და ერთი გადაწყვეტილება სკოლა „თამარიონისთვის" ავტორიზაციის გაუქმებას.


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, GIPA-ს უარი ეთქვა საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე.


ტექნიკური უნივერსიტეტი

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტს კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.


ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.


პირობითი აკრედიტაცია ერთი წლის ვადით მიენიჭა შემდეგ უნივერსიტეტებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას. შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას. ასევე, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა საზოგადოებრივ კოლეჯს „ლიდერი".


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, იმ სტუდენტების ზუსტი რაოდენობა, რომლებსაც აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, სხვა უნივერსიტეტების ძებნა მოუწევთ, უცნობია, თუმცა ცნობილია ის პროცესები, რომელიც მათი პრობლემების მოსაგვარებლად მიმდინარეობს.


როგორც „პრაიმტაიმს" განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები უკვე ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ორშაბათს გამოქვეყნდება იმ უნივერსიტეტების სია, რომლებიც მობილობით მიიღებენ აკრედიტაციაშეჩერებული უნივერისტეტების სტუდენტებს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ირწმუნება, რომ არც ერთი სტუდენტი უნივერსიტეტის გარეთ არ დარჩება.

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რიგგარეშე მობილობით სარგებლობის უფლება სტუდენტებს ექნებათ არა მხოლოდ დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, არამედ, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმების დროს.

 

შესაბამისად, სტუდენტები რიგგარეშე მობილობის გზით სწავლას გააგრძელებენ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის აკრედიტირებულ პროგრამებზე", - განმარტავენ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner