ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განმარტებას აკეთებს.
როდის განიხილავს ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, საბანაძე განმარტავს, რომ „ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია".
მისივე განმარტებით, მსგავსი რამ დღეს მიღებულ რეზოლუციაში არ ჩაწერილა და საიდან გავრცელდა აღნიშნული ცნობა, ელჩის გაკვირვებას იწვევს.
„პლენარულ სხდომაზე გასვლამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი. ჩვენმა მომხსენებელმა, რომელიც გუშინ პარლამენტში წარსდგა, სიტყვა უნდა მოამზადოს, რომელსაც ექსპერტები და პოლიტოლოგები განიხილავენ. შემდეგ უნდა მოხდეს ამ მოხსენებით წარდგომა კომიტეტებში, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოხდება საკითხის პლენარულ სხდომაზე გასვლა. დამტკიცების შემთხვევაში, საკითხი საბჭოში გადაინაცვლებს, სადაც ის მინისტრების დონეზე განიხილება", - აცხადებს საბანაძე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ევროპარლამენტი ზაფხულის სესიაზე განიხილავს.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა, რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას - უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომელთაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ოთხივე ბლოკი მოიცავს და მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
„კომიტეტი მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას, განსაკუთრებით, პროკურატურის რეფორმის კუთხით", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის საბჭო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში - რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.