ისევ „სამხრეთ ოსეთი"?
სიტყვას ძალა აქვს, ჩემო მეგობრებო. მტერზე და ტანკებზე მეტი ძალა.
რით ვეღარ გავიგეთ, რომ მხოლოდ ხელოვნური, ისტორიულ საფუძველს მოკლებული ტერმინი კი არა, მავნე, საშიში, სახელმწიფოსა და მისი მომავლის დამანგრეველი ორი სიტყვის კომბინაციაა!
მტრის შექმნილი, ვერაგი მიზნებისთვის, დაძაბუნებისთვის, დაბეჩავებისთვის, ძირის გამოთხრისთვის და რეალობასთან შეგუებისთვის! აკი გამოსდით... დიახ, გამოსდით, ვიდრე ასიათასობით ქართველი ამას იმეორებს, ვიდრე პოლიტიკოსებიც კი (!) წარამარა ამ ტერმინს არახუნებენ.
რაის სამხრეთ ოსეთი შუაგულ ქართლში? შიდა ქართლის გულში? გულის გულის გულში?
ჩვენ თავში ამ ორ სიტყვას ვერ მოვრევივართ და რაზე ვსაუბრობთ? წაგებული ომების ეპოქაში ეს ომი მაინც ხომ შეგვიძლია მოვიგოთ? სულ ორ სიტყვასთან ომი.
. . . . . . . . . . .
აქ მცირე განმარტებას ჩავურთავ:
არც „სამაჩაბლო" გახლავთ სწორი ტერმინი, რადგან ეს სათავადო სრულად არ მოიცავდა საბჭოელთა მიერ შექმნილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ტერიტორიას. მაგალითად, მისი აღმოსავლეთი ნაწილი ქსნის საერისთავო გახლდათ (რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალური ტერმინის ხმარების მიზანშეუწონლობასა და იმ გარემოებაზე, რომ ეს მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეების რეალობაა).
ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიას, ერთად აღებული, არც არაფერი რქმევია. ის მხოლოდ ნაწილი იყო ქართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილისა - შიდა ქართლისა. აქედანაც ჩანს ოლქის, როგორც ცალკე წარმონაქმნის, ხელოვნურობა. ის რუსმა დამპყრობლებმა შექმნეს არა ისტორიულ-გეოგრაფიულ კანონზომიერებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეთნიკური ნიშნით (ცხინვალშიც კი ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ), არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმპერიალისტური ლოგიკით: გაგლიჯე და იბატონე!
. . . . . . . . . . . .
მაშ, რა ვქნათ?
ორი ძირითადი გზაა:
1) ხელოვნურად შექნილ მავნე ტერმინს ასევე ხელოვნური, მაგრამ უვნებელი „ცხინვალის რეგიონი" დავუპირისპიროთ.
2) როცა კონტექსტი საშუალებას გვაძლევს, ამგვარი ფრაზა ვიხმაროთ: „შიდა ქართლის ნაწილი".
მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ თვალები მოვიფშვნიტოთ?
სიტყვას ძალა აქვს, მეგობრებო. ტანკებზე და ბომბდამშენებზე მეტი ძალა.
რაის სამხრეთ ოსეთი შუაგულ ქართლში? გულის გულის გულში?
ბუბა კუდავა