კვლევის „მედიის მდგრადობის ინდექსი-საქართველო 2016", განხილვა IREX -ის ოფისში გაიმართა.
კვლევის თანახმად, მედიის მდგრადობის ინდექსი ზომავს ქვეყნის მედია სექტორის მდგრადობას ხუთი კომპონენტის შეფასებით. მათ შორის არის სამართლებრივი გარემო, ჟურნალისტიკის ხარისხი და მედიის მენეჯმენტის პრაქტიკა.
კვლევების პილოტირება განხორციელდა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ამ სამი ქვეყნიდან საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ორივე - ძირითად და საპილოტე კვლევაში. საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის კი საქართველომ თითქმის იმდენი ქულა მიიღო, რაც სომხეთმა და გაცილებით მეტი, ვიდრე აზერბაიჯანმა და რუსეთმა.
„ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში პოპულარულ ტელეკომპანიებში მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები განხორციელდა. თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში მიზეზად პოლიტიკური დაჯგუფებებისა და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული მედიის მფლობელების გამჭვირვალობა გაიზარდა და პოლიტიკური პატრონაჟი შემცირდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევის მონაწილე პანელისტები საბოლოოდ შეჯერდნენ, რომ წინა წლებთან შედარებით, მაუწყებელთა მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ შეიმჩნევა.
პანელის წევრებმა შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ქცევის კოდექსს და დაამკვიდრონ მაღალი სტანდარტები; მეტი ძალისხმევაა საჭირო მედიის პოლიტიკური ან სამთავრობო ინტერესებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად; ქართველმა ჟურნალისტებმა უნდა მოიძიონ განათლების მიღების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, რათა სხვადასხვა მედია გარემო შეისწავლონ.