საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „ევროპის სახალხო პარტიის" წევრის იაცეკ საირუშ ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვოლსკის დღევანდელი განცხადება არ არის ევროპარლამენტის დეპუტატებისა და ევროსტრუქტურების პოზიცია და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„საქართველოს ხალხის და ქვეყნის ბედი არ იქნება დამოკიდებული მერაბიშვილსა და უგულავაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ბატონი ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ის, რასაც ბატონი საირუშ ვოლსკი ამბობს, არის აბსოლუტური სიცრუე და მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცი, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია.
რაც არ უნდა მოინდომოს საირუშ ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ," - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
„ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა იაცეკ საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.