logo_geo
eng_logo
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება: ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ინტერესებში არ შედიოდა
- +

1 მარტი. 2018. 14:20




ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხს გამოეხმაურა.


„ყურადღება უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაზეც მრავალრიცხოვან კომენტარებში არაფერს ამბობენ. საგამოძიებო იზოლატორში ტატუნაშვილი ძალოვნებს თავს დაესხა და ტაბელურ იარაღს დაეუფლა, ის გასროლასაც ცდილობდა. მისი ეს მცდელობა სამართალდამცველებმა აღკვეთეს. საღი გონება გვკარნახობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომ სამხრეთ ოსეთში არანაირად არ იყვნენ დაინტერესებული მოვლენების ასეთი განვითარებით. სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოები ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავენ, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, მომხდარის სრული სურათი აღვადგინოთ და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გაირკვეს, რის შემდეგ გარდაცვლილის ცხედარი ოჯახს გადაეცემა", - ნათქვამია განცხადებაში.


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხს განიხილავენ.


22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.


გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner