საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ბავშვთა ანსამბლ „იმედის" შემოქმედებითი საღამო, რომელზეც ანსამბლის ხელმძღვანელებს ქალბატონ ნუნუ ღვინერიას და ბატონი ომარ (ჯემალ) რეხვიაშვილს ქართული ხალხური ცეკვების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქორეოგრაფიული კავშირის მიერ დამსახურებული პედაგოგ-ქორეოგრაფის საპატიო წოდება მიენიჭათ.
მოწვეულმა სტუმრებმა, ცნობილმა ქორეოგრაფებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს ანსამბლ „იმედის" ხანგრძლივ წარმატებულ შემოქმედებით მოღვაწეობაზე, მათ დიდ ღვაწლზე ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ანსამბლს უსურვა ქართული ქორეოგრაფიის საუკეთესო ტრადიციების გაგრძელება კიდევ ათწლეულების მანძილზე და შემოქმედებითი სიახლეები.
ყველასთვის კარგად ცნობილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი" ჯერ კიდევ 1987 წელს შეიქმნა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დღემდე აქტიურად განაგრძობს თაობების აღზრდას. ანსამბლს ჰყავს უცვლელი ხელმძღვანელები, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფები, ღირსების ორდენის კავალერი, ქალბატონი ნუნუ ღვინერია და ბატონი ომარი (ჯემალ) რეხვიაშვილი. ანსამბლ „იმედს" თავისი არსებობის განმავლობაში მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის გარდამავალი პრიზი. ანსამბლს, ასევე, მიღებული აქვს თენგიზ სუხიშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი „გრან-პრი". „რაინდის ორდენი" და „ბრწყინვალების ორდენი" - საქართველოს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობისთვის. თბილისის მერიის საპატიო სიგელი მედლით „ქართული კულტურის დესპანი". 2011 წელს მიენიჭა სახალხო ანსამბლის წოდება. სამჯერ მიღებული აქვს საუკეთესო ანსამბლისა და ქორეოგრაფის წოდება.2003 წელს საპროდიუსერო კომპანია „იმედმა" და „სანო სტუდიამ" ანსამბლ „იმედის" ბაზაზე შექმნეს ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ცეკვა ზღაპარში", რომელიც უპრეცედენტო შემთხვევაა არა მარტო ბავშვთა ქორეოგრაფიაში, არამედ, პროფესიონალური ანსამბლებისთვისაც. 2012 წლის 15 მარტს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიხსნა ანსამბლ „იმედის" სახელობის ვარსკვლავი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ბავშვთა ქორეოგრაფიაში.