ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის პირველ დღეს გამართული შეხვედრების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბრის მთავარი თემა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესია.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა, არის სამი პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.
„ქართული ოცნების" ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას, იმიტომ, რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან სერიოზული შეხვედრები გამართა და მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აქ ყველამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაინახოს, რომ კიდევ ვიმეორებ, არცთუ ნორჩი ლენინელ-სტალინელების განცხადებები - ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და ის არ გამოხატავს პარტია „ქართული ოცნების" თუ სახელისუფლებო პარტიის მოსაზრებებს. მეორე - ჩვენ გვქონდა უკვე ძალიან საინტერესო შეხვედრები, მათ შორის, „სახალხო პარტიის" ლიდერებთან, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, ერთ-ერთ გავლენიან პირთან, სახალხო პარტიის წარმომადგენელთან, ბატონ ბროკთან, რომელმაც სრულიად ცალსახად განაცხადა, რომ იგი არანაირ სხვა საკითხს არ უკავშირებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და პირადად მთხოვა, რომ თუ ამაზე რაიმე პრობლემები გაჩნდება სხვა მხრიდან, მას ამის შესახებ შევატყობინოთ. მას აქვს გარკვეული მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ის არაფერს არ უკავშირებს ვიზა-ლიბერალიზაციის თემას, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილისგან და მათი მხარდამჭერი „სახალხო პარტიის", ისევ ვიმეორებ, ერთი ნაწილისგან. ასე რომ, მეტი გვჭირდება ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელმაც, შესაძლოა, ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს პრიორიტეტებში რაღაც საკითხები ცოტა უფრო წინ დააყენოს, ვიდრე საქართველოს თემა, ამაზე ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რომ ამან არ გამოიწვიოს რამე სერიოზული შეფერხება. დანარჩენი, არცერთი კითხვა არცერთ თემაზე, არცერთი პრობლემა ჩემს წინაშე არ დასმულა დღეს, ხვალ რა იქნება, ხვალ მოგახსენებთ".