„პარლამენტარის როლი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავის თავზე აიღეს, როცა ბატონი ნიკა მელია და სერგო რატიანი ადგილობრივ დეპუტატებს შუბლ და ცხვირმიბჯენილი საქმეს ურჩევდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" სტილისტიკა ერთია.
„გუშინ ჩავიდნენ იქ და თითქოს, როგორც ავტორიტეტებმა და რაღაც პოლიტიკური წონის მქონე ადამიანებმა საქმე მოაგვარეს. საკითხავია, ესკალაცია რატომ მოხდა. რეალურად იმიტომ, რომ მათი განზრახული ამოცანა იყო, იქ დაპირისპირების ახალი კერა გაჩენილიყო.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მათ ჩვენ უნამუსოები გვიწოდეს. ასეთი ფრაზის წინაპირობა და საფუძველი ის არის, რომ მერე დაახლოებით ასეთი რამ ჩვენ ვუწოდოთ, მერე მათ გვიწოდონ, მერე ხელი გამოვიღოთ და ერთმანეთს ასე დავუპირისპირდეთ, მაგრამ საკომიტეტო სხდომებზე გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარება, ეგზისტენციალური, სასიცოცხლო პრობლემები გვაქვს და ამ ფონზე პარლამენტის წევრი იმითაა დაკავებული, რომ დაპირისპირება გააჩაღოს. ამით ოკუპანტებს რას ვაჩვენებთ?! ან რას ვაჩვენებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენგან გონივრულ აზროვნებას ელის?!", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.