logo_geo
eng_logo
საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ 50-მდე მებრძოლი დაბრუნდა?
- +

2 მარტი. 2018. 10:59



გასულ კვირას ამერიკულმა „ვაშინგტონ პოსტმა" „გლობალური სტრატეგიის" კვლევაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ სირიაში ომის დასრულების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს" 50-მდე მებრძოლი საქართველოში დაბრუნდა.


„ვაშინგტონ პოსტი" ასევე აქვეყნებს თვალსაჩინო რუკას, რომელზეც ჩანს, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი „ხალიფატის" მეომარი შევიდა. ექსპერტთა აზრით, 40 ათასი მეომრიდან თავიანთ ქვეყნებში 5600 ადამიანი დაბრუნდა, აქედან 900 ადამიანი - თურქეთში, საიდანაც სირიასა და ერაყში 1500-მდე მეომარი იყო წასული.


ევროპაში დაახლოებით 1200 მეომარი დაბრუნდა. აქედან 400 - დიდ ბრიტანეთში, 271 - საფრანგეთში, 300-მდე - გერმანიაში. რაც შეეხება რუსეთს, „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში დაახლოებით 3400 მეომარი იბრძოდა და მათგან 400 უკან დაბრუნდა.


„ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 200-მდე მეომარი იბრძოდა, მათგან 50 უკან დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი, კვლავ ცხელ წერილში რჩება.


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ კვლევებში ციფრები საეჭვოდ არის დამრგვალებული, რაც მისი აზრით, უნდობლობას იწვევს.

 

„ისლამური ხალიფატის" არეალიდან საქართველოში 50 მებრძოლი რომ დაბრუნებულიყო, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი - მე ეს მეცოდინებოდა! სიმართლეს არ შეესაბამება კვლევაში მოტანილი სტატისტიკა, რომ საქართველოდან 200-მდე მეომარი იბრძოდა „ისლამური სახელმწიფოს" ქვედანაყოფებში.

 

მოდით, ლოგიკურად ვიმსჯელოთ: მხოლოდ პანკისიდან წასულთაგან 25 კაცამდეა დაღუპული, აჭარიდან 8-10, საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეებიდან კი - 5, ანუ საერთო ჯამში, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ წარმოებულ ომებში 40-მდე საქართველოს მოქალაქეა დაღუპული! ამ ლოგიკით საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში" სადღაც 400 კაცამდე მაინც იბრძოდა.

 

წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: ადამიანები იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, მაგრამ მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა იციან, რომ ეს ხალხი თურქეთში სამუშაოდ არის წასული. და სანამ ვინმე არ დაიღუპება, ვერავინ გაიგებს, რომ ისინი „ხალიფატის მეომრები" არიან!" - განაცხადა არეშიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner