„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის გასულ 25 წელზე, ეს გახლდათ 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ვისაუბრეთ ჩვენი პარტნიორობის შემდეგ 25 წელზე, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პარტნიორობა აშშ-სთან და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
„ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გავაფართოვოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, როგორ გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და სიღრმე.
ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.