logo_geo
eng_logo
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გახდა
- +

2 მარტი. 2018. 13:33



დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარგსიანი სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. ქვეყნის პარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგები დროებითი დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ გაგიკ მელიქიანმა გამოაცხადა.

 

„არმენ სარგსიანის კანდიდატურას მხარი 90 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო. ამგვარად, არმენ სარგსიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა", - განაცხადა მელიქიანმა.


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა აირჩია.


არმენ სარგსიანი 1953 წელს ერევანში დაიბადა და დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში სარგსიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის კვლავ დიდ ბრიტანეთში სომხეთის საელჩოს ხელმძღვანელობდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner