„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. პოლიციამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილო-ნახევრამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო", - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, დაახლოებით, კილო-ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: 1 კილო და 300 გრამი ჰეროინი, 150 აბი „ბუპრენორფინი", 17 გრამი „მეტამფეტამინი" და სხვ. ნარკოდანაშაულისთვის 12 პირია დაკავებული, მათ შორის, 1 ნარკორეალიზატორი. ბრალდებულთა შორის საქართველოს - 6, ირანის - 5 და ავსტრიის - 1 მოქალაქეა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.