ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია შეუცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გორგაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.
მათივე განმარტებით, ვინაიდან იმ საკითხის გადაწყვეტა, რის სანაცვლოდაც ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 3 500 აშშ დოლარს, არ შედიოდა მის კომპეტენციაში და ვერანაირად ვერ შეძლებდა თანხის სანაცვლოდ გაცემული პირობის შესრულებას, ბრალდების კვალიფიკაციის მუხლი შეიცვალა.
„2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი თ.გ. 2018 წლის 1 მარტს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და დაკავებულს წარედგინა თაღლითობის ბრალდება, ვინაიდან იმ საკითხის გადაწყვეტა, რის სანაცვლოდაც ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 3 500 აშშ დოლარს, არ შედიოდა მის კომპეტენციაში და ვერანაირად ვერ შეძლებდა თანხის სანაცვლოდ გაცემული პირობის შესრულებას. შესაბამისად თ.გ.-ს ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის შესაძლო ფაქტზე", - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. თავდაპირველად გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებდა.