„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ შვეიცარიული კომპანია „Stadler Rail AG" თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს.
„უამაყესი ვარ! ტყუილად არ მიცხოვრია ამ ქვეყანაში! არც ამაოდ ჩაუვლია ჩემს ბრძოლას! ჩემი საქართველო ხომ აქ არის და კიდევ მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევწირო იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდება! შვეიცარია კი ის ქვეყანაა, სადაც ჩემი ქვეყნის ანარეკლს და უამრავ მსგავსებას ვხედავ. დიახ, საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის შვეიცარია, მე ეს მჯერა და მწამს! ბოდიში პათეტიკისთვის, მაგრამ, ეს ის მომენტია, როცა უამრავი ოფლი, დრო და ენერგია ჩავდეთ და სწორად გამიგეთ, მაგრამ თავის შეკავება მიჭირს", - წერს დაჩი ცაგურია.
შვეიცარიული კომპანია „Stadler Rail AG" თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას ააშენებს. „Stadler Rail AG" მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 1942 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს 14 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 7 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მალე ამ ჩამონათვალს საქართველო და საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაც მიემატება.