„ნუ განიკითხავ" - ნოდიკო ტატიშვილის რეპერტუარში მორიგი სიმღერა გაჩნდა. მუსიკა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტი - ირინა სანიკიძეს. კლიპის გადასაღებად მომღერალი თებერვალში გადამღებ ჯგუფთან ერთად პარიზში იმყოფებოდა. გადაღების პროცესს თან ახლდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც. ამის შესახებ მომღერალმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ისაუბრა.
„გარკვეული და საკმაოდ სოლიდური ნაწილი კლიპისა გადავიღეთ პარიზში, რკინიგზის ორ სადგურში. ერთ სადგურში თუკი სადმე პოლიციელი, უშიშროების თანამშრომელი და დაცვის წევრი არსებობდა, ყველა ჩვენთან მოვიდა, თითქმის ალყაში მოგვაქციეს და სანამ არ დაგვკითხეს საფუძვლიანად, სანამ ჩემი ვიდეოები არ ვაჩვენე youtube-ზე, არ მოგვეშვნენ. გვეკითხებოდნენ, ვინ ვიყავით, რას ვიღებდით, რატომ ვიღებდით, მოგვთხოვეს პირადობის მოწმობები და ა.შ. მოკლედ რომ გითხრათ, ძლივს დაგვანებეს თავი და ჩვენც განვაგრძეთ გადაღება", - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.