logo_geo
eng_logo
ბერლუსკონი დაბრუნდება? - 4 მარტს იტალია ახალ პარლამენტს ირჩევს
- +

3 მარტი. 2018. 22:48



4 მარტს იტალიაში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებია. დღეს იტალიას ყოფილი პრემიერმინისტრის მატეო რენცის „დემოკრატიული პარტია" მართავს. არჩევნებში მონაწილეობს მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ხელმძღვანელობით, არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გმირია ლუიჯი დი მაიაო, პარტია „ხუთი ვარსკვლავის" ლიდერი.

 

ეს არჩევნები რით არის გამორჩეული?

დაგეგმილი კენჭისყრის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ჩატარდება. საუკუნის მეოთხედის განმავლობაში რაც იტალიის მეორე რესპუბლიკა არსებობს, ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა იცვლებოდა იმაზე ხშირად და რადიკალურად, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.


პირველ კანონს, რომელიც 1992 წლის პოლიტიკური რყევების შემდეგ მიიღეს, კანონის ავტორის და იტალიის დღევანდელი პრეზიდენტის, სერჯო მატარელის სახელი - მატარელუმი უწოდეს. ამ კანონის თანახმად პარლამენტის არჩევნები იტალიაში შერეული სისტემით ტარდებოდა - დეპუტატების 3/4-ს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევდნენ, კიდევ მეოთხედს - პარტიული სიებით (მოქმედებდა 4%-იანი ბარიერი).


2005 წელს, მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ხვდებოდა, რომ ხელახლა გამარჯვება გაუჭირდებოდა, მოქმედი სისტემის შეცვლას მიაღწია და პარლამენტს ახალი კანონი მიაღებინა. ერთმანდატიანი ოლქები გაუქმდა და არჩევნები მხოლოდ დახურული პარტიული სიებით ჩატარდა. გამარჯვებული პარტია ან კოალიცია ბონუსის სახით იღებდა მანდატების უმრავლესობას ანუ პარლამენტის ქვედა პალატის 630 ადგილიდან 340 ადგილს.


ეს კანონი (პორჩელუმი), რომელიც მოგვიანებით თავისმა ავტორმაც, რობერტო კალდეროლიმაც გააკრიტიკა, რის გამოც უწოდეს მას პორჩელუმი (porcata - უვარგისი), 8 წელი მოქმედებდა. 2013 წელს ამ კანონის ზოგიერთი მუხლი, მათ შორის "ბონუსი", არაკონსტიტუციურად ცნეს.


ახალი კანონი 2015 წელს მიიღეს და მას იტალიკუმი უწოდეს. "ბონუსს" ისიც ითვალისწინებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ხმების არანაკლებ 40%-ს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, ეს კანონიც საკონსტიტუციო სასამართლოს დავის საგანი გახდა.


2017 წლის შემოდგომაზე, იტალიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, როზატელუმი. მისი ავტორი დემოკრატიული პარტიის დეპუტატი ეტორე როზატოა. 4 მარტის არჩევნები ამ კანონით ჩატარდება. ის გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსს აღარ ითვალისწინებს, მაგრამ საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდა, ხოლო კენჭისყრა ტარდება როგორც ერთმანდატიან ოლქებში, ასევე პარტიული სიითაც.


რამდენ ხანს იქნება ძალაში როზატელუმი არავინ იცის, რადგან დეპუტატების ჯგუფმა ისიც გაასაჩივრა საკონსტიტუციოში, უბრალოდ საქმის განხილვა არჩევნებამდე ვერ მოესწრო.

 

რა არის წინასაარჩევნო დებატების მთავარი თემა?

გადასახადები


კამათის ერთ-ერთი საგანია გადასახადები, რომელიც იტალიაში ბევრია; გადასახადებისგან თავის არიდების დონე რეკორდულად მაღალია და ქვეყნის მშპ-ს 27%-ს შეადგენს.


მმართველი მემარცხენე-ცენტრისტი "დემოკრატიული პარტია" ამბობს, რომ ხელფასიდან და კომპანიების მოგებიდან გადასახადს შეამცირებენ, მაგრამ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.


მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია, რომლის სათავეშიც ბერლუსკონია თავისი პარტიით "წინ იტალია" ამომრჩეველს სთავაზობს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის პროპორციული მეთოდის შემოღებას და ამტკიცებს, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში ის კარგად მუშაობს.


მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავი" აცხადებს, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, ხოლო დაბალი შემოსავლები მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დაბეგვრისაგან, ასევე მკვეთრად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. იტალიაჩი ჩინოსნების ხელფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. იტალიელი დეპუტატი ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 144 ათას ევროს იღებს, რაც ევროკავშირის სასუალო მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. ამიტომ "ხუთი ვარსკვლავის" ლოზუნგები იტალიელ ამომრჩეველში პოპულარულია. 


მიგრაცია


მიგრანტები, ასევე ცხელი წინასაარჩევნო თემაა. იტალიაზე გადის ევროპისკენ აფრიკელი მიგრანტების მთავარი მარშრუტი. 2014-2016 წლებში იტალიამდე მიაღჭია დაახლოებით ნახევარმა მილიონმა მიგრანტმა (კიდევ ათასობით ზღვაში დაიღუპა). მათი დიდი ნაწილი შემდეგ ევროპის ჩრდილოეთში გადავიდა, მაგრამ იტალიაში ამ მხრივ დაძაბულობა რჩება.


მმართველი "დემოკრატიულ პარტიის" რეპუტაცია ამ თემამ მნიშვნელოვნად შელახა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ აფრიკელი მიგრანტების გადაყვანა კარგი ბიზნესია, რომელშიც იტალიური მაფია და საქველმოქმედო ფონდები არიან ჩარეული. მმართველი პარტია მხოლოდ იმას იმეორებს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მიგრანტების რიცხვი შემცირდა და რომ ამ პრობლემას პირველ რიგში ევროპა უნდა აგვარებდეს და არა იტალია. "ხუთი ვარსკვლავი" აცხადებს, რომ მიგრანტების ნაკადს სრულად გადაუკეტავს გზას, რაც ამომრჩევლებში პოპულარულია.

 

ევროპა


ბოლო წლებში იტალიელებმა ბრიუსელში, ბერლინსა და ფრანკფურტში შემუშავებული საბიუჯეტო ეკონომიის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადეს. ამიტომ ასეთ ევროპასთან თანამშრომლობის საკითხი იქ მწვავედ დგას. "დემოკრატიული პარტია", რომელიც ამ პოლიტიკის გამტარებელია, ამტკიცებს, რომ იტალიას ევროპის იქით გზა არ აქვს და თუ რამე ცუდადაა, ისიც იმიტომ, რომ ევროპა პატარაა. მმართველი პარტია ინტეგრაციის გაღრმავებას და ევროპის შეერთებული შტატების შექმნას ემხრობა.


ეს რიტორიკა "ხუთვარსკვლავიანებს" და მემარჯვენეების მკვეთრ რეაქციას იწევს. მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია - ყველა უბედურების სათავეა. მაგალითად, "ჩრდილოეთის ლიგა" აცხადებს, რომ ევროკავშირს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ აქვს და მაასტრიხის ხელშეკრულებამდელ პერიოდში დაბრუნებას ემხრობა.


ბერლუსკონის კოალიცია აცხადებს, რომ საბიუჯეტო ეკონომიის პოლიტიკას უარი უნდა უთხრან და გადახედონ ზოგიერთ ევროპულ შეთანხმებას. იმავეს ამბობენ "ხუთვარსკვლავიანებიც".


ბერლუსკონი დაბრუნდება?

კვლევების თანახმად, მმართველი "დემოკრატიული პარტია" დიდი ალბათობით დამარცხდება. მართალია მან პოლიტიკური ოსტატობის მაღალი კლასი აჩვენა, როდესაც 3 კაბინეტი გამოცვალა და ხელისუფლება 5 წლით შეინარჩუნა (თუმცა მის რიგებში 2016 წელს საკონსტიტუციო რეფორმის თემაზე განხეთქილება მოხდა), მაგრამ დღეს ამომრჩეველი მემარცხენე-ცენტრისტების მმართველობისგან და მათი ლიდერის, მატეო რენცის საქმიანი რიტორიკისგან დაღლილია. რენცი, რეფერენდუმზე დამარცხების შემდეგ იტალიელებზე გაბრაზდა და პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.


ამასთან იტალიური პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ერთმანეთს არა პარტიები არამედ კოალიციები - მემარცხენე- და მემარჯვენე-ცენტრისტული - ეჯიბრებიან. "დემოკრატიული პარტიის" მემარცხენე-ცენტრისტი მოკავშირეები ძალიან სუსტები არიან და მთლიანობაში კოალიცია, სავარაუდოდ ხმათა 30%-საც ვერ დააგროვებს.


მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავი" არცერთ კოალიციაში არ შედის და მოკავშირეები საერთოდ არ ჰყავს. სავარაუდოდ, ის 2013 წლის მსგავსად, ყველაზე მეტ ხმას პარტიაში დააგროვებს, რაც ერთპარტიული კაბინეტის ფორმირებისთვის არ ეყოფა. მართალია, ბოლო წლებში, ამ პარტიამ ზოგიერთ ადგილობრივ არჩევნებზე გაიმარჯვა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო. ვარაუდობენ, რომ მათი მაქსიმუმი - ხმათა 20-30%-ია.


ამ ფონზე მემარჯვენე-ცენტრისტების კოალიციის შანსები უფრო სოლიდურია - 37%. კოალიციის დამრტყმელი ძალაა სილვიო ბერლუსკონის "წინ იტალია! და მატეო სალვინის "ჩრდილოეთის ლიგა". ბერლუსკონის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლამდე საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს; ჩრდილოეთ ლიგის მატეო სალვინი პრემიერმინისტრობაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ მისი კანდიდატურა არც ბევრ იტალიელს მოსწონს და არც ბრიუსელს, თანაც ის დემონსტრაციულად ავლენს სიმპათიას პუტინის მიმართ. 1 მარტს ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრად ანტონიო ტაიანის კანდიდატურას ემხრობა, ევროპარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს. მაგრამ უცნობია შეეგუება თუ არა ამას სალვინი და თუ - კი, რას მოითხოვს სანაცვლოდ.


ამომრჩევლის სავარაუდო აქტივობა მაღალია?

პარტიების ნდობის რეიტინგები დაბალია. კვლევების თანახმად, იტალიელებს ისინი არ მოსწონთ და კორუმპირებულებად მიიჩნევენ. მათ მიმართ ნდობა მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აქვს. ეს უნდობლობა ამომრჩევლების აქტივობაზეც აისახება, რომლის მაჩვენებელიც წლებთან ერთად, მცირდება.


არსებული პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობის საკითხი იტალიაში სულ უფრო მწვავეა. გამოკითხულთა ნახევარს მიაჩნია, რომ დემოკრატია უკეთ იმუშავებდა, თუ პარტიები საერთოდ არ იარსებებდნენ; 2/3-ს მიაჩნია, რომ იტალიას ძლიერი ხელი სჭირდება, ხოლო მათი რიცხვი, ვინც მმართველობის ფორმებში უპირატესობას დემოკრატიას ანიჭებს, ბოლო 10 წლის განმავლობაში 10%-ით შემცირდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner