ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა. მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ საქართველოს მთავრობას აღნიშნული რეფორმების გატარებაში. მანვე მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე დამსწრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ NDI-ის, IRI-სა და საერთაშორისო საარჩევნო ფონდის პრეზიდენტები. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.