„ქვევრის ლუდი" ბაზარზე ახლად შემოსული სასმელია, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის სენსაციურია. „ქვევრის ლუდი" საწარმო ასპინძაში მდებარეობს. 2018 წლისთვის კომპანია მის გაფართოვებას გეგმავს და მცირე წარმოებაზე გადასვლას აპირებს.
როგორც „კომერსანტს" ქვევრის ლუდის დამფუძნებელმა ზაზა ზედგინიძემ განუცხადა, მცირე წარმოება კომპანიის ნიშა იქნება და დიდ წარმოებაზე გადასვლას არ გეგმავენ.
- „ქვევრის ლუდი" ბაზარზე სენსაციაა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ქვევრის ღვინოს იცნობდა მომხმარებელი. თქვენი წამოწყება საკმაოდ საინტერესოა. უამბეთ „კომერსანტის" მკითხველს ბაზარზე შემოსვლის და ქვევრის ლუდის ჩამოყალიბების შესახებ...
- პირველი ექსპერიმენტი 2016 წელს ჩავატარეთ და გერმანიიდან მოწვეულ ლუდის ტექნოლოგთან ერთად დავხვეწეთ ქვევრში ლუდის წარმოების ტექნოლოგია. ბაზარზე კი 2017 წლიდან შემოვედით. 2017 წელს მთლიანობაში დაახლოებით 20 ტონა ქვევრის ლუდი ვაწარმოეთ.
ჩვენ მასშტაბურ წარმოებაზე ორიენტირებულები არ ვართ და ეს ჩვენი ნიშა იქნება. ორიენტაციას ძირითადად ხარისხის დაცვაზე გავაკეთებთ. ჩვენ ალაო და სვია გერმანიიდან ჩამოგვაქვს.
- ამ ეტაპზე სულ რამდენი სახეობის ქვევრის ლუდს აწარმოებთ და სად არის ის წარმოდგენილი?
- ამჟამად სულ ორი სახეობის მუქი და ღია ფერის ლუდს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, მათი გემური თვისებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ის სისტემა, რასაც მე ამჟამად ვნერგავ, სხვა ლუდის კომპანიებისგან განსხვავდება.
ჩვენი ქვევრის ლუდი რამდენიმე რესტორანსა და მაღაზიაშია წარმოდგენილი. ის ბაზარზე არსებულ ქართულ ლუდზე 30-40%-ით ძვირად იყიდება.
- თქვენ ბიზნესი ახალი წამოწყებული გაქვთ. თავდაპირველად, თითქმის ყველა მცირე მეწარმე ამბობს, რომ დაწყება რთულია. რა სახის სირთულეების წინაშე დგას დღეს კომპანია?
- რადგან ლუდისთვის საჭირო ინგრედიენტები გერმანიიდან შემომაქვს, ამიტომ ტვირთვის განბაჟების დროს გადასახდელი დღგ ჩემნაირი მცირე კომპანიისთვის ფინანსური ტვირთია. ასევე დავასახელებდი აქციზის გადასახადს.
გარკვეული შეღავათების დაწესება უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ თუ საქართველოში ლუდის მცირე მწარმოებლები განვითარდებიან, ეს კარგი იქნება.
- რა ძირითადი პრობლემა დგას ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მოძიების მიმართულებით?
- ჩვენთან განათლების პრობლემა დგას და ეს პრობლემა სახელმწიფოსაც ეხება. ადამიანური რესურსების პრობლემა არსებობს. უბრალო თანამშრომლის დაქირავება ძალიან რთულია, რადგან ელემენტარული ცოდნა და მოტივაცია არ აქვთ. საქმის მცოდნე ადამიანი არ არსებობს, ამიტომ ექსპერტების ჩამოყვანა უცხოეთიდან მიწევს. საჭიროა, გადამზადების კურსები, რათა კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს.
- როგორია „ქვევრის ღვინის" სამომავლო გეგმები და კომპანია ექსპორტის მიმართულებით როგორ გეგმავს განვითარებას?
- წელს თბილისის მასშტაბით სარეალიზაციო ცენტრების გაფართოვებას ვგეგმავთ და ასევე გვსურს, რომ ადრე გაზაფხულზე ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა დავიწყოთ. ის სისტემა, რასაც ამჟამად ვნერგავთ, სხვა ლუდის კომპანიებისგან განსხვავებულია. განსხვავება არის ის, რომ მომხმარებელთან ნატურალური ლუდი მიდის.
ვთვლი, რომ ათიდან თხუთმეტი ათასამდე ბოთლის წარმოებას შევძლებთ. სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანა მინდა. 2018 წლის გაზაფხულზე ჰონგკონგში ექსპორტზე უკვე 3 000 ბოთლ ქვევრის ლუდს გავაგზავნით.
წყარო http://myrest.ge