საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კონგრესმენების - ედ როისისა და ელიოტ ენგელის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.
მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო NATO-ს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში. დღესაც ვთვლი, რომ ისინი უნდა გაწევრიანდნენ NATO-ში და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. საბოლოოდ, საქართველო მაინც გახდება NATO-ს წევრი",- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.