logo_geo
eng_logo
დღეს ტელერეჟისორ გივი ვლადიმერაშვილს 88 წელი შეუსრულდებოდა
- +

27 აპრილი. 2016. 10:52



არიან ადამიანები, რომელთა დავიწყებაც ჩვენი წარსულის უპატივცემულობა მგონია. ისინი მთელი თავისი ცხოვრება კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ საყვარელ საქმეს, თავის ქვეყანას, ხალხს, ოჯახს... ამ ადამიანების უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა მე და ჩემს თაობას კარგად გვახსოვს მათი მოღვაწეობა საქართველოს ტელევიზიაში დღიდან მისი დაარსებისა... ტელევიზია ხომ თავის დროზე ერთი დიდი ოჯახი იყო და სწორედ ამ ოჯახის ღირსებას და მის შემოქმედებით ცხოვრებასაც ჩვენი უფროსი თაობა რუდუნებით უფრთხილდებოდა ათეული წლების განმავლობაში. მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი ცხოვრებისეული სიკეთე შევიძინეთ... ეს მცირე გადახვევა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ჩემს კოლეგებსაც გავახსენო საქართველოს ტელევიზიის სახალხო მეურნეობის მთავარი რედაქციის ერთი რიგითი რეჟისორი გივი ვლადიმერაშვილი - ძირძველი თბილისელი კაცი, ვინაც თავისი მოღვაწეობა მსახიობობით დაიწყო და ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პიონერი გახლდათ, - დღეს მას 88 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

რამაზ ჩხიკვაძის მოგონებებიდან: „ერთად ვიზრდებოდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, პიონერთა სასახლეშიც ერთად შევედით მე და ჩემი მეგობარი გივი ვლადიმერაშვილი, იქ ბევრნი მოვიდნენ ერთი-ორი წლის შემდეგ: კარლო საკანდელიძე, გურამ საღარაძე... ისეთი პედაგოგები გვყავდა, როგორიც იყო ნოდარ ჩხეიძე, თედო წეროძე, თან გვყვებოდნენ, რომ ცუდი არაფერი გაგვეკეთებინა, გზას არ ავცდენილიყავით, მართალი ხალხი უნდა ვყოფილიყავით, ასე გაგვზარდა ნოდარ ჩხეიძემ, იმისთვისაც მოგვამზადა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაგვებარებინა. თეატრალურიც ერთად დაამთავრეს და სიკვდილამდე უერთგულეს მეგობრებად დარჩნენ, თუმცა გივი თავის სიყრმის მეგობარზე ბევრად ადრე, 1999 წელს გარდაიცვალა... გივი ახლად ჩამოყალიბებულ „სანკულტურის" თეატრში, ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით, ოთარ მეღვინეთუხუცესის და ნოდარ მგალობლიშვილის გვერდით მოღვაწეობდა. შემდეგ ლილი იოსელიანი მარჯანიშვილის თეატრში წამოვიდა, გივი ვლადიმერაშვილმა ახალგახსნილ ტელევიზიას მიაშურა, მსახიობის პროფესია ტელერეჟისორის პროფესიით ჩაანაცვლა და ოთხი ათეული წელი ემსახურა საქართველოს ტელევიზიას...

 

 

მრავალი გადაცემის რეჟისორი, თავისი საქმის პროფესიონალი, უშურველი, კარგი მეოჯახე, ტოლთან ტოლი და ყველა თაობისთვის პატივსაცემი, ღირსეული პიროვნება, მრჩეველიც იყო და მომთხოვნიც, მეგობრობის ფასი იცოდა და რასაც გასცემდა, იმავე დამოკიდებულებას მისდამიც ელოდა, სხვისი ჭირ-ვარამის და ლხინის გამზიარებელი, გვერდში დგომაც ისეთი იცოდა, ტოლს არავის დაუდებდა... ერთი შტრიხი მინდა გავიხსენო ჩემთან ურთიერთობისა, რაც კარგად უსვამს ხაზს მის დამოკიდებულებას მომავალი თაობისადმი, რათა სწორად აერჩიათ თავისი პროფესია და ცხოვრების გზა. 1961 წელს ტელევიზიის მთავარმა რეჟისორმა შოთა ქარუხნიშვილმა ჩამოაყალიბა ტელევიზიის საბავშვო თეატრი. მე, უკვე თეატრით მოწამლულმა 15 წლის ბიჭმა, გადავწყვიტე, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.  მიმღებ კომისიაში, სხვებთან ერთად გივი ვლადიმერაშვილიც გახლდათ. პირობები იგივე იყო, რაც თეატრალურ ინსტიტუტში. გავიარე პირველი ტური (ლექსი, იგავ-არაკი, პროზა), მეორე ტური, და გასაუბრების დროც მოვიდა. გასაუბრების ბოლოს, როცა თავი უკვე ამ საბავშვო თეატრის წევრად მეგულებოდა გივიმ ერთი შეკითხვა დამისვა, რაც ჩემს მეტყველების ნაკლს კარგად წარმოაჩენდა ანუ ასო „რაესთან" ჩემს დამოკიდებულებას. „აბა, ყმაწვილო, ორი სიტყვა წარმოთქვით - თრითინა და როიალი"... მე მგონი, კომენტარი საჭირო აღარაა. რა თქმა უნდა ჩავიჭერი... თეატრზე და მსახიობობაზე ფიქრი უკვე ზედმეტი იყო. გავიდა წლები, ჟურნალისტობა გახდა ჩემი პროფესია, ტელე-რადიოკომიტეტში დავიწყე მუშაობა, გივისა და მისი სამეგობროს კოლეგა გავხდი. არასდროს დამავიწყდება, ერთ-ერთ მეგობრულ სუფრაზე გივის გავახსენე 20 წლის წინანდელი ამბავი. გაეღიმა და მითხრა: „ალბათ არ მინდოდა, მსახიობობით უიმედოდ მოწამლულიყავი, სწორად აგერჩია შენი მომავალი და მაშინ მგონი, არ შევცდი, ახლა რასაც აკეთებ, ეგ ყოფილა შენი ბედიც და საქმეც". ასეთი იყო ეს სულმნათი კაცი, ასეთები იყვნენ ის ჩემი უფროსი კოლეგებიც, მისი მეგობრები, რომელთა გახსენებაც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მათი სახელების უკვდავსაყოფად... 


 

 

 

გივი ვლადიმერაშვილი და რამაზ ჩხიკვაძე

 

 

 

დავით ქლიბაძე და გივი ვლადიმერაშვილი

 

 

 

 

გივი ვლადიმერაშვილი პულტთან მორიგი ჩაწერის დროს



გივი ვლადიმერაშვილი, როგორც მსახიობი, ბევრ ფილმშია გადაღებული, მაგრამ ეპიზოდურ როლებში. ახლა რასაც შემოგთავაზებთ, ტელევიზიის პირველი რეჟისორის, მერაბ ჯალიაშვილის მიერ 1962 წელს გადაღებული ფილმია „ფუნჯით ნათქვამი ამბავი". ამ ფილმმა პრემიებიც მიიღო საკავშირო ტელეფილმების ფესტივალზე 1963 წელს. მგონი, გივი ვლადიმერაშვილის სახე კარგად დაგვიტოვა ფილმის რეჟისორმა. სამწუხაროდ, უცნობია, გივის რეჟისორული ნამუშევრები ტელევიზიის არქივში ინახება თუ არა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner