მწერალი, პოეტი თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქ. სიღნაღში დაიბადა.
პოეტი 1938 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში შეიყვანეს. 1946 წლამდე იზრდებოდა ქ. ბათუმში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე- 7 სკოლა).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954).
მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში" (1958-64), იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964-73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973-81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981-87). 1991-იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997-იდან ჟურნალ „მნათობის" მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი - 1956.
მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა:
პოეტური კრებულები - „ღია სარკმელი" (1958), „მზის საათი" (1962), „ივლისი" (1966), „მახსოვრობა"(1978), „ლექსები" (1987), „მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები - „გასეირნება პონის ეტლით", „შუადღე" (1963), „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), „თეთრი კვამლი" (1967), „აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), „მდგმურები" (1971), „აუზი" (1972), „წერო", „პოსეიდონის სასახლე", „კაქტუსის ბაღი", „ბრეიგელის მთვარე";
პიესები: „სურათები საოჯახო ალბომიდან", „თავფარავნელის ბალადა", „ბუდე მეცხრე სართულზე", „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", „არაბეთის სურნელოვანი ბალახები", „ნადირობის სეზონი", „მშვიდობით, ლომერა", „ნახვის დღე", „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო"; ესეები, ლიტერატურული წერილები: იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება", „რუსთაველი", „წინასწარმეტყველი" (ილია), „აკაკი წერეთლის პოეზია", „ნიკოლოზ ბარათაშვილი", „ვაჟა-ფშაველა", „გიორგი ლეონიძე", „გალაკტიონ ტაბიძე", „რობერტ სტურუა", „დავით კაკაბაძე", „ნიკო ფიროსმანაშვილი", „მესამე ზარი"...
მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც ჩვენში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით). პიესებს სახელგანთქმული რეჟისორები დგამდნენ.
დაჯილდოებულია „ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის" (1978).
მიღებული აქვს რუსთაველის (1992წ), სახელმწიფო (1997წ), ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები.
1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი".
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა. 1982 წლიდან მწერლის სახელი შეტანილია მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა დიდი ბრიტანეთის ენციკლოპედიურ ცნობარში, აგრეთვე ევროპის გამოჩენილ პიროვნებათა ცნობარში (ბელგია).