ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI" (პრეზიდენტი - ვალერი ასათიანი) აქტიურად აგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, ქართული კულტურის პროპაგანდას, ხელოვნების მოღვაწეთა, მეცნიერთა პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, ასოციაციამ გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო ტრეინინგული ხასიათის მრავალპლანიანი ლექცია-სემინარების სერია, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. დიპლომატიის ისტორიის ჩანახატებისადმი მიძღვნილი დისკუსიათა იმ ციკლის (სახელწოდებით „კაცობრიობა, ძალაუფლება, ისტორიის გაკვეთილები") მთავარი გმირი იყო ცნობილი ისტორიკოსი, მთარგმნელი, პროფესორი, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი ივანე მენთეშაშვილი.
ივანე მენთეშაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მისი სამეცნიერო კვლევისა და სალექციო საქმიანობის სფეროა მსოფლიო ისტორია, კერძოდ, მისი ახალი და უახლესი მონაკვეთი. ივანე მენთეშაშვილი 11 მონოგრაფიისა და 11 სტატიის ავტორია, რომლებიც ეხება ინგლის-რუსეთის წინააღმდეგობებს კავკასიაში, ინგლისური ოსტ-ინდოეთის კამპანიის ბატონობას ინდოეთში, ელიზაბეთ I ტიუდორის მეფობას, ფოლკლენდის კუნძულების ომს, საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციას, ნაპოლეონს, ნაპოლეონის აღზევებას, მისი სამხედრო-პოლიტიკური ეპოპეის ცალკეულ მხარეებს, ნაპოლეონის პიროვნების წარმოჩენას დასავლეთევროპულ და რუსულ პოეზიაში, კარდინალ რიშელიეს. აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საქართველოში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ში. 2000-2015 წლებში იგი მონაწილეობდა ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ხუთ კონგრესში: საქართველოში, კანადაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, ბელგიაში; ასევე არის სხვადასხვა პროექტების ავტორი და მონაწილე. ივანე მენთეშაშვილი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.
ივანე მენთეშაშვილი ასევე წარმატებით ეწევა სათარჯიმნო საქმიანობას: საერთაშორსო კონფერენციების, სემინარების და შეხვედრების სინქრონული და თანამიმდევრობითი თარგმნით უზრუნველყოფა, რომლებიც გამართულა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, გაერო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატო-ს, ეუთო-ს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საქართველოში, ბრიუსელში, მონსში, ჰააგაში, ათენში, სტრასბურგში, სტოკჰოლმში, ანკარაში, რომში, ფლორენციაში, სან-მარინოში, ასტანაში, ანტალიაში, ბონში, ესენში, დიუსელდორფში, ერევანში, სტებანავანში, გიუმრიში, კიევში.
ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI" კიდევ ერთხელ გიწვევთ შეხვედრაზე ივანე მენთეშაშვილთან. ამჯერად ბატონი ივანე აუდიტორიას ესაუბრება პოეზიისა და ისტორიის ურთიერთშეხებაზე. მოხსენებასთან ერთად წარმოადგენს ჯორჯ ბაირონის, რადიარდ კიპლინგის, ოსკარ უაილდის, მიხეილ ლერმონტოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას მისეულ თარგმანებს. შეხვედრა გაიმართება შაბათს, 10 მარტს, 18 საათზე, „წიგნის სახლში ბახტრიონზე" (მისამართი: ბახტრიონის ქ. 11ბ). დასწრება თავისუფალია.
ლექცია-სემინარების კურსის, შემოქმედებითი შეხვედრების გამართვაში ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს პარტნიორები არიან: ბადიაურის აგროსამრეწველო სავაჭრო კომპლექსი, კაფე-გალერეა „წიგნის სახლი ბახტრიონზე", საქართველოს კულტურის ფონდი, რესტორანი „თბილისის მუხამბაზი", საინფორმაციო მხარდამჭერები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, TV პირველი, მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი", გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა".