საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელმაც შექმნა ცალკე ფორმატი არასაპარლამეტო ოპოზიციისათვის. ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომუშავე ჯგუფში იყვნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ყველა ერთად, ჯამში 7,5 პროცენტს აგროვებს, მაგრამ მიუხდავათ მათი ასეთი დაბალი პროცენტისა, ხელისუფლებამ თქვა, რომ სულერთი არაა მათი პოზიცია.
„ამიტომ 13-ვე პარტია პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბა, თავიანთი მოთხოვნები წარმოადგინა. პირველივე შეხვედრაზე ვთქვით, რომ თუ მათი სურვილია, რომ სისტემური ცვლილებები განხორციელდეს, ამაზე საქართველოს პარლამენტში წელიწადი მიმდინარეობდა დაძაბული პოლემიკა და მივაღწიეთ ორსაფეხურიან რეფორმას, ანუ 2016 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ოლქები გავათანაბრეთ, 2020 წლიდან კი გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამ ორი საფეხურის პირობებში ყველა კმაყოფილდებოდა", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ამ ჯგუფმა წამოაყენა ხუთი საკითხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბარიერის დაწევა იყო.
„მათ რომ თავის დროზე დაეყნებინათ ეს საკითხი, მოესწრებოდა საკონსტიტუციო ცვლილება. ახლა უბრალოდ ეს არ ესწრება. ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის მიერ, განსაკუთრებით იმ პარტიებისთვის, რომლებსაც არჩევნებზე მაღალი შედეგი არ ჰქონიათ და მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ცვლილებების განხორციელება. მაგრამ ჩვენთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო ეს სამუშაო ჯგუფიც დაიშალა. ისინი ბრიფინგზე დადგნენ ერთად და თქვეს, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა. შეხვედრაზე თითქოს ყველაფერზე ვთანხმდებოდით, როცა ცალკე გავიდოდნენ და დაილაპარკებდნენ, როგორც ეტყობა, ეცვლებოდათ პოზიცია. პრაქტიკულად, პარტიებმა უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან შეთავზებაზე და თქვეს, რომ აქციები უნდა დაიწყონ",- განაცხადა ძიძიგურმა.