logo_geo
eng_logo
რა უნდა იცოდეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან
- +

6 მარტი. 2018. 18:35



2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისი თქმით, გარდა აბიტურიენტებისა, რეგისტრაცია დაიწყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის. აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge უნდა გაიარონ. რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება. ამის შესახებ უფრო დეტალურად „მაესტროსთან" მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.

 

- გვითხარით, რა არის მთელი ამ პროცესის მთავარი ეტაპები და რა უნდა იცოდეს პირველ რიგში აბიტურიენტმა იმისთვის, რომ უყურადღებობა არ გახდეს მისი წარუმატებლობის მიზეზი?


- დღეს, როგორც ახსენეთ, უკვე დაიწყო რეგისტრაცია აბიტურიენტებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ ჩვენი მაგისტრობის მსურველებისთვის, სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ ერთიან პროცესში მონაწილეობენ. აბიტურიენტებისთვის რეგისტრაცია სამ ეტაპად გაგრძელდება. დაიწყო დღეს 15 საათიდან და პირველი ეტაპი დასრულდება 30 მარტის საღამოს 6 საათზე. პირველი ეტაპი გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტმა სრულად უნდა გაიაროს რეგისტრაცია, უნდა შეავსოს აუცილებელი ველები და აირჩიოს საგამოცდო ქალაქი. 30 მარტის შემდეგ საგამოცდო ქალაქის ცვლილების შესაძლებლობა აბიტურიენტს არ ექნება, მაგრამ სამაგიეროდ მეორე ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 15 მაისამდე, მას ექნება შეცვალოს არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების და პროგრამების ჩამონათვალი, არამედ ის საგამოცდო საგანი ან საგნები, რომელიც მან აირჩია ჩასაბარებლად. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება სავალდებულო გამოცდები - ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა, იმიტომ რომ, ეს ყველა აბიტურიენტს აქვს ჩასაბარებელი, არამედ არჩევითი გამოცდა ან გამოცდები, რომელსაც ის ირჩევს იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. რაც შეეხება მესამე ეტაპს, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, კიდევ შეიტანოს ცვლილებები უმაღლესი სასწავლებლების და პროგრამების ჩამონათვალში. წელს კიდევ უფრო გავუხანგრძლივეთ ეს პერიოდი ჩვენს აბიტურიენტებს, 15 აგვისტომდე ექნებათ შესაძლებლობა, საბოლოო არჩევანი გააკეთონ. მინდა, აბიტურიენტები რეგისტრაციისას ყურადღებით იყვნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში ამაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას და აირჩევს თუ არა სწორად მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელს. ახლა მიმდინარეობს აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესი რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში და შესაძლოა, ხარისხის განვითარების ცენტრი შევიდეს სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც არაგეგმიურად. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, შესაძლოა შეიცვალოს იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, რომლებსაც აქვთ უფლება სტუდენტები მიიღონ და მე მინდა ყველა აბიტურიენტს ვთხოვო, ამ პერიოდის განმავლობაში პერიოდულად შეამოწმონ სიახლეები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებ-გვერდზე, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს ისე, რომ აბიტურიენტმა მიუთითა კონკრეტული უმაღლეს სასწავლებელი, ამ უმაღლეს სასწავლებელს ჩამოერთვა ავტორიზაცია და ბუნებრივია, ეს უმაღლეს სასწავლებელი ჩარიცხვებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამიტომ ვთხოვ ყველა აბიტურიენტს, ყურადღებით იყოს.

 

- კიდევ რა ტექნიკური შეცდომა შეიძლება დაუშვას აბიტურიენტმა, რის გამოც ის ვერ გავა გამოცდაზე? კიდევ რას უნდა მიაქციონ ყურადღება?


- პირველ რიგში, რაც ამ წლებმა გვაჩვენა, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ რეგისტრაციაზე გადავედით, გახლავთ ის, რომ აბიტურიენტი რეგისტრაციას არ ასრულებს. მან აუცილებლად უნდა დააჭიროს შენახვის ღილაკს თითი, იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტის მონაცემები ან ის ცვლილებები, რომელიც მან შეიტანა საკუთარ არჩევანში, არ აისახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ამის თავდასაცავად ცვლილების განხორციელების შემდეგ აბიტურიენტს ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება მის მიერვე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და ეს არის იმის დასტური, რომ მის მიერ შეტანილი ცვლილება და მონაცემები ასახულია ჩვენს ბაზაში. თუ ის შეტყობინებას არ მიიღებს, მაშინ მან აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გადაამოწმოს საკუთარ პირად გვერდზე, რამე ხომ არ შეეშალა რეგისტრაციის დროს და დააჭირა თუ არა შენახვის ღილაკს ხელი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner