უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თხოვნას არ დააკმაყოფილებს და ოდესის ოლქში ეროვნული გვარდიის დამატებით დანაყოფებს არ შეიყვანს.
შს მინისტრის მრჩეველმა ივან ვარჩენკომ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნული გვარდია და ეროვნული პოლიცია „პოლიტიკურ გარჩევებში არ ჩაერევა და მათ უფლება არა აქვთ, პოლიტიკური პროცესების მონაწილეები იყვნენ".
მიხეილ სააკაშვილმა „facebook"-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ხელმძღვანელებს უბრძანა, ოდესაში 1 000 ძალოვანი შეიყვანონ.
ორშაბათს ოდესის მერიასთან ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა აქტივისტებს, რომლებიც ქალაქის მერის გენადი ტრუხანოვის გადადგომას ითხოვდნენ.
სააკაშვილის მოსაზრებით, ქალაქის ხელისუფლება კონფლიქტის დასარეგულირებლად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.