„მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში. სერგეენკოს თქმით, განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებთან შედარებით საქართველოს ამ კუთხით ორჯერ მეტი დანახარჯი აქვს.
„მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტების წილად მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე დანახარჯები 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამლები ძალიან ძვირია. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამები გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე", - ამბობს დავით სერგეენკო.
აქვე სერგეენკო საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რეფორმის გატარების მოქმედება დააჩქარა.
„ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ. რეფორმის დაწყებისთანავე წამლების ფასმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი", - ამბობს სერგეენკო.