logo_geo
eng_logo
დღეს დიდი ოთხშაბათი - იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა
- +

27 აპრილი. 2016. 12:38


 

დღეს ვნების კვირეულის დიდი ოთხშაბათი - იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა.



ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.



აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.



ძვირფასი ნელსაცხებლის შეძენა სიმბოლურად მიუთითებს ქალის მიერ ადრინდელი, ზნეობრივად მანკიერი ცხოვრების უარყოფას: მარკოზ მახარებლის ცნობით, ნელსაცხებელზე ქალმა დახარჯა 300 დინარზე მეტი (ეს იყო დაქირავებული მუშის წლიური ჯამაგირი) - ასეთი თანხის შოვნა ქალს შეეძლო მხოლოდ მთელი თავისი სარჩო-საბადებლის გაყიდვით! მოწაფეები დაეკითხნენ მაცხოვარს: „რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? ვინაიდან შეიძლებოდა, დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული" (მათე, 26:8,9). თვით მოციქულებმაც კი ვერ გულისხმაყვეს, მონანიე ცოდვილის უფლისადმი სიყვარულის უსაზღვროება. ხოლო, რადგან ნელსაცხებელს სცხებდნენ მიცვალებულებს, ცოდვილი ქალი მისდა შეუცნობლად აღმოჩნდა უფლის მომავალი სატანჯველისა და ჯვარზე გაკვრის წინათმცნობელი.



იუდა სხვებთან ერთად გამოთქვამდა გულისწყრომას და ამ დღეს არაფრით გამოირჩეოდა სხვა მოწაფეებისაგან. მაგრამ ანალოგიურ სიტუაციაში მას ადრეც ჰქონდა გამოთქმული უკმაყოფილება, ლაზარეს დის მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იგი უპოვართა ბედზე სწუხდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო! „მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა" (იოანე, 12:6). ფული იყო იუდას ცხოვრების კერპი და ახლაც, მისმა ანგარებიანმა გულმა ვერ გაუძლო ქალის საქციელს - ყოვლისშთანმთქმელი შურითა და ბოღმით ავსილი, ის მაშინვე გაეშურა თავისი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.


ამ დრომდე იუდა არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი მოწაფეებისაგან - მათთან ერთად ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ავადმყოფებს, განაგდებდა ეშმაკთ; თვით საიდუმლო სერობაზეც კი, სხვა მოწაფეებთან ერთად მასაც დაბანა ფეხი მაცხოვარმა.


და უცებ - დაცემა: იესო ქრისტეს გვერდით ყოფნამაც ვერ მოაშთო მასში ანგარებიანი ბუნება - ეახლა მღვდელმთავრებს „და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი" (მათე, 26:15). ეს თანხა თუმცა ხუთჯერ ჩამოუვარდებოდა იმ ნელსაცხებლის ფასს, რომელიც ცოდვილმა ქალმა სცხო მაცხოვარს, მას მაინც იმდენი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, რომ მღვდელმთავრებმა შემდეგ ამ ფულით შეიძინეს მიწა პალესტინაში უცხოტომელთა დასამარხად; მეორეს მხრივ - 30 ვერცხლი მაშინ იყო გაქცეული მონის დაჭერის საზღაური - ამდენად, იუდასათვის თანხის ამ რაოდენობის მითვლით, მღვდელმთავრებს ქრისტეს დამცირება უნდოდათ!



დიდი ოთხშაბათის მოვლენები ხსნიან ადამიანური თავისუფლების ფრიად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. დამოუკიდებელი არსებობისათვის საჭირო ყველა ნივთიერი ფასეულობის ნებაყოფლობით უარმყოფელმა ყოფილმა ცოდვილმა ქალმა მიიღო ამ ცოდვისაგან ჭეშმარიტი გათავისუფლება; ხოლო იუდამ - რომელიც გამცემლობით ესწრაფვოდა სიმდიდრეს, ანუ გარკვეულ მატერიალურ დამოუკიდებლობას, ღმერთისაგან მისი მკვლელობის ფასად განთავისუფლებას - თავისი საღვთო ღირსება მიჰყიდა ეშმაკის მონებას.



„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი", - მოგვითხრობს იოანე მახარებელი. „და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ... როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 17, 3-6).


იესოს შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაჰბარდა. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.



დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner