logo_geo
eng_logo
რა შეთავაზება მიიღო თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილისგან?
- +

7 მარტი. 2018. 17:31



 

„მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში 65 წლამდე უზრუნველყოფილი პოსტი, დაცული უფლებები და ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, ვთქვი - ასაკი მემატება და თუ საქართველოში ახლა არ დავბრუნდი, აღარასდროს დავბრუნდები-მეთქი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„მოკლედ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა?... ერთი ვარიანტი, სადაც შეიძლება მუშაობა დამეწყო, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. მეორე ვარიანტი კი ის იყო, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთულიყავი... არ ვამბობ, რომ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ადამიანის უფლებების სამართალი ნამდვილად ვიცი, ამ სფეროში ათწლიანი გამოცდილება მაქვს - საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვწერდი..." - განაცხადა წულუკიანმა.


აქვე, თეა წულუკიანმა „ვერსიასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა შესთავაზა, რაზეც უარი უთხრა.

 

„2000 წელს, როდესაც მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და საერთო ნაცნობის მეშვეობით, მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. თავდაპირველად, ეს შემოთავაზება ხუმრობად მივიღე, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ 25 წლის ადამიანი შეიძლება, მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. მახსოვს, არც კი დავფიქრებულვარ, შემოთავაზებაზე უარი ისე ვთქვი, თან გამეცინა. ასაკისა და გამოცდილების გარდა, არც იმას დაგიმალავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის შემოდგომიდან ჩემს თვალში სიმპათიით არ სარგებლობდა და არ ვთვლიდი, რომ საქართველოსთვის სიკეთის მოტანა შეეძლო. მოგვიანებით, 2004 წლის გაზაფხულზე, შემოთავაზება მეორედ მივიღე, რაც, ასე ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგებოდა ანუ არჩევანს მაძლევდნენ, მოგვეხმარე, ახალგაზრდა კადრები გვჭირდებაო, თუმცა ამ დროს 25 წლის აღარ ვიყავი... შემოთავაზება ასეთი იყო: თუ მაინცდამაინც საფრანგეთში მინდოდა ყოფნა, ელჩობას ავირჩევდი, ან საქართველოში დავბრუნდებოდი და ერთ-ერთი მინისტრის მოადგილედ დავინიშნებოდი. მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე. მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ შუამავალი დამიკავშირდა და მკითხა, რა გადაწყვიტეთო. ამოვიოხრე, ჩემი პასუხი უფრო არასკენ იხრება-მეთქი. შუამავალმა მითხრა, ფიქრის დრო აღარაა და საბოლოო პასუხი უნდა თქვაო. ხომ იცით, ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო და მივუგე, თუკი ასეა, უარს ვამბობ-მეთქი", - განაცხადა წულუკიანმა.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner