„დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი" გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერ უცნობია.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.
ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი" შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.