logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: მიხეილ სააკაშვილი ხშირად ითხოვდა გვამებს და მერაბიშვილიც მიარბენინებდა!
- +

7 მარტი. 2018. 22:30



თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილს ზეობის ხანა ედგა, ვანო მერაბიშვილისთვის უთქვამს, გენერალმა კობა კობალაძემ ამ ქვეყანაზე არ უნდა იბოგინოსო. მაშ, მაშ, სწორედაც რომ ეგრეა, თქვენმა მზემაო, - უპასუხა მერაბიშვილმა და ეგრევე დაიწყო თავისი ხელქვეითებისგან გვამების მიტანა. რა მოხდა სინამდვილეში 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში და რა ბოღმა ვერ „გადახარშა" სააკაშვილმა? ამ თემაზე „ლიდერს" მუხროვანის ამბების მონაწილე, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენერალი კობა კობალაძე ესაუბრება.

 

 - კობა, იქნებ ზუსტად გაიხსენო, ვანო მერაბიშვილი გვამებს რომელ რიცხვში ითხოვდა და ამ დროს შენ სად ხარ?


- ეგ ვიდეო, სადაც ვანო გვამებს ითხოვს, გადაღებულია მუხროვანის სამხედრო ბაზაზე. მანდ ჩანს კიდეც, ნაირაშვილი და სხვები როგორ ალაგებენ ტაქტიკას, ეძებენ ვიღაცებს... ხოლო მერაბიშვილს უნდა გვამები. ეს არის 2009 წლის 5 მაისი. ამ დროს მე უკვე დაკავებული ვარ. არის შემდეგი კადრი, სადაც სააკაშვილი დგას კაბინეტში მერაბიშვილთან ერთად და აძლევს მითითებას: დასაჭერია მავანი და მავანი. მერაბიშვილი ეუბნება, რუსებთან თანამშრომლობის ბრალდებით ვიღაცები დავაკავეთო, ასევე დაკავებულია კობალაძეო. შემდეგ სააკაშვილს სოლო გამოსვლა აქვს იმის თაობაზე, რომ კობალაძემ არ უნდა იბოგინოს ამ ქვეყანაზე, ეს კრიმინალი ქალაქში საერთოდ არ უნდა დადიოდესო. ამ დროს მე უკვე მოდულის შენობაში ვარ.


- და რას ითხოვდნენ შენგან, კონკრეტულად რა უნდოდათ?


- დამატარებდნენ მანქანით, სად წავეყვანე, არ იცოდნენ. ჩემგან ითხოვდნენ, რომ საკუთარ თავზე უნდა ამეღო ამბოხების ლიდერობა. არავინ მისმენდა, კონვეირი იყო ჩართული და მე იქ მოვხვდი, მორჩა, განაჩენიც წინასწარ იცოდნენ. იქ საერთოდ ახლოსაც რომ არ ვიყავი გავლილი, ეგ ჩემზე უკეთესად იცოდნენ. 2008 წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ "გენერალთა კლუბი" და ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას. ამის შემდეგ, აგვისტოში დატრიალდა უდიდესი ტრაგედია, გავაკეთეთ დასკვნა, ამაზე ხმამაღლა ვმსჯელობდით. ეგენი თავიანთ ოპონენტებს როგორ ექცეოდნენ, ყველამ ვიცით. ამიტომ არის ვიდეოში რამოდენიმე გვარი დასახელებული, მათთვის არასასურველები და სწორედ ამ ადამიანების მიბმას ცდილობდნენ ვითომ ამბოხებაზე. ეტყობა, მე წონის მიხედვითაც ამომარჩიეს... სააკაშვილს და მის დამქაშებს უნდოდათ, რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი ეპოვათ და მათზე აეწყოთ სცენარი. როდესაც დამაპატიმრეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წინააღმდეგობას გავუწევდი და მესროდნენ. რაკი წინააღმდეგობა არ გამიწევია და ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, დაიბნენ, ზემოთაც გაუკვირდათ: ვა, უკვე აიყვანეთო? ამიტომ, არ იცოდნენ, სად უნდა წავეყვანე, ხან სამინისტროში წაყვანა გადაწყვიტეს, ხან კიდევ სამმართველოში. მართალია, ჩემი აყვანის საქმეში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ამავე დროს კარგი ის იყო, რომ დაკავების პროცესში ასე ხელაღებით ვეღარ მესროლეს. როცა აღმა-დაღმა დამატარებდნენ, ვუთხარი, თუ ხელს გიშლით, სახლში ჩემით წავალ-მეთქი. ამაზე არ დამთანხმდნენ.


- ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ვითომ ამბოხების უკან იდგნენ ვიღაც მაღალჩინოსნები, რომლებსაც ფული აიღეს. შენ უშვებ ასეთ რამეს?


- მე ფაქტობრივად გამხადეს ამ პროცესის ძალაუნებური მონაწილე და მომსმენი. 9 თვე იზოლატორში ვიჯექი, სასამართლო პროცესებზე დავყავდი პატიმრის სტატუსით. საერთო ჯამში საქმე გვქონდა პროტესტის გრძნობასთან, რაც გაღვივდა სამხედრო ნაწილების მეთაურებს შორის. სიტუაცია უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა, საერთოდ არაადექვატურები იყვნენ სამხედრო მაღალჩინოსნები. ფაქტობრივად, ვისაც პასუხისმგებლობა დარჩა, ისინი რუსებს შეატოვეს და დატოვეს უპატრონოდ. მერე მოხდა ის, რომ დაღუპული ბიჭები მიატოვეს ცხინვალში და არც კი გადმოასვენეს. საკმაოდ დემორალიზებული იყო ჯარი, უამრავი სოფლის დაკარგვის შემდეგ კონცერტი მოაწყეს თბილისის ცენტრში. ამ ყველაფერმა განაპირობა გარკვეული უკმაყოფილება. მე ამ საკითხზე ჩემი შეხედულებები მაქვს, მაგრამ ხალხი მწყობრიდან გამოვიდა, როცა სააკაშვილმა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჯარს მოსთხოვა აღლუმისთვის მზადება. მაშინდელ მთავარსარდალს გაუჩნდა სურვილი, ნერვები რომ დაეწყნარებინა და ვიღაცები შეეშინებინა, სამხედრო ტექნიკა ელაყუნებინა რუსთაველზე. ამის გამო შეიკრიბნენ სამხედრო მეთაურები, მათ უნდა გადაეწყვიტათ, თანამდებობები დაეტოვებინათ თუ ერთობლივი განცხადება გაეკეთებინათ. სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა იმან, რომ ლევან ამირიძის მოადგილე წინა ღამეს გააქრეს, ბიჭები ეძებდნენ, მაგრამ ვერსად მიაგნეს. იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი ზეწოლა და დევნა. სასამართლო პროცესებზე გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება კი არ ცდილობდა, გამოესწორებინა უკმაყოფილების საბაბი, არამედ პირიქით, უფრო აღვივებდა და პროვოცირებას უკეთებდა მოვლენებს, რათა სხვა მიმართულებით განვითარებულიყო სიტუაცია. მიდიოდა ჩაწერები, დევნა, რაღაც თემების ხელოვნურად გაღვივება და უკვე ჩანდა, რომ სცენარს ამუშავებდნენ. ვანო მერაბიშვილის სურვილს, ორი გვამის თაობაზე, არავითარი გამართლება არა აქვს, მე მაგისი სპეციალისტი მაინც ვარ, სხვა თუ არაფერი... ჯერ რანაირ დავალებებს იძლეოდა უმაღლესი მთავარსარდლობა, მერე რანაირად იყო არეული პირადი შემადგენლობა? ეს არ გახლდათ პირადი შემადგენლობა, ეს იყო "სვარჩიკების კამანდა", რომელიც არაორგანიზებულად ასრულებდა  "ატამანის" განკარგულებას - უნდა მიეტანა ორი კაცის თავი. ეს იყო არა მხოლოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, არამედ ძალიან სერიოზული დანაშაული. სააკაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ორ გვამს მიუტანდენ. სხვათა შორის, სასამართლო პროცესებზე ისხდნენ ადამიანები, რომლებიც, ალბათ, ელიავას ბაზრობაზე მოკრიბეს. უნდა გენახა, როგორი თვალებით იყურებოდნენ. ბოლოს საპროცესოები გაუფორმეს და გაუშვეს, არავითარი ჯარისკაცები ისინი არ იყვნენ. წარმოიდგინე, ხუთმა კაცმა სატანკო ნაწილი როგორ უნდა აიღოს? მოკლედ, ვანო მერაბიშვილს სამი გვამი მიუტანეს, მერე მან მიშას მიუტანა... ფაქტობრივად, კრიალაშვილის გარდა ოთანაძე და ამირიძეც დახვრიტეს, ოღონდ ესენი ღმერთმა გადაარჩინა. მერაბიშვილი ტყუილად ლაპარაკობდა, ორ გვამში რუსი აგენტები ვიგულისხმეო. ყველა გზა მიდის სააკაშვილთან, ეს ადამიანი ითხოვდა გვამებს და მერაბიშვილიც მიარბენინებდა. ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი.




ავტორი გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner