„ნატახტარის" ლიმონათის ექსპორტის 80%-ზე მეტი აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე მოდის ბოლო პერიოდში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და დივერსიფიკაციაში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. გაზრდილია იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც ქვეყნიდან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში გადის. წლებია, ექსპორტში ქართულ ღვინოსა თუ მინერალურ წყლებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ბოლო დროს კი სასმელების ჩამონათვალში ქართული ლიმონათიც აქტიურად ფიგურირებს. ქართულ საექსპორტო პროდუქციას შორის ლიმონათი საინტერესო მიმართულებაა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლამდე სასმელების ექსპორტი სტაბილურად მზარდი იყო. გასულ წელს კი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2013 წელს მინერალური წყლებისა და ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტისგან დაახლოებით 17 მილონი დოლარი შემოვიდა. 2014-ში აღნიშნული მონაცემი 28 მილიონი დოლარი იყო, 2015-ში კი მონაცემი მკვეთრად შემცირდა და ის 18 მილიონს დოლარს გაუტოლდა. ლიმონათის ექსპორტის მოცულობის შემცირებას კომპანია „ნატახტარი" უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებზე შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს. ,,კომპანიის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის აზერბაიჯანზე, რუსეთზე, სომხეთსა და ყაზახეთზე. ამ ქვეყნების ეკონომიკური ვითარებისა და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო, ექსპორტის მოცულობა 2015 წელს 2014-თან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა", -აცხადებენ კომპანიაში. ქართული ლიმონათის საექსპორტო პოტენციალზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ბევრ ქვეყანაში ლიმონათი ნაკლებად ცნობილი სასმელია. ,,ლიმონათი სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებად ცნობილი სასმელია, ამიტომ პირველ რიგში, მის მიმართ არსებობს ინტერესი. ცნობისმოყვარეობას გემო ამართლებს, იშვიათია ქვეყანა, სადაც ლიმონათს მოწონება არ დაემსახურებინოს. ეს საამაყოა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის", - აღნიშნავენ „ნატახტარში". კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის ზრდის ხარჯზე 2016 წელს ექსპორტის მოცულობა ტრადიციულად გაიზრდება. 2015 წელს „ნატახტარის" ლიმონათი 24 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, კვიპროსი, გერმანია, აშშ, ლატვია და საბერძნეთი. აღსანიშნავია, რომ ქართული ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების კომპანიები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებში, რაც მათ ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ათვისებაში ეხმარებათ. |