იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2000 წელს მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრად ყოფნის პერიოდში მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც წულუკიანმა უარი განაცხადა.
- 2000 წელს, როდესაც მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და საერთო ნაცნობის მეშვეობით, მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. თავდაპირველად, ეს შემოთავაზება ხუმრობად მივიღე, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ 25 წლის ადამიანი შეიძლება, მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. მახსოვს, არც კი დავფიქრებულვარ, შემოთავაზებაზე უარი ისე ვთქვი, თან გამეცინა. ასაკისა და გამოცდილების გარდა, არც იმას დაგიმალავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის შემოდგომიდან ჩემს თვალში სიმპათიით არ სარგებლობდა და არ ვთვლიდი, რომ საქართველოსთვის სიკეთის მოტანა შეეძლო.
- „ნაციონალთა" შემოთავაზება რომ მიგეღოთ, ნაციონალური პიარის ღერძი გახდებოდით და პრეზიდენტი წარამარა გაგვახსენებდა, აი, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში ამხელა თანამდებობა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდაო...
- რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა...
- თქვენი უარით საერთოდ გაგინადგურებიათ პრეზიდენტი...
- მგონი, ჯერ არ გამინადგურებია, თუმცა ეს ჩემი მიზანია. განადგურებული რომ მყავდეს, მაშინ მიზანი აღარ მექნებოდა.
- ესე იგი, როგორც კი სააკაშვილს პოლიტიკურად გაანადგურებთ, პოლიტიკიდან წახვალთ?
- ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს...