logo_geo
eng_logo
უგოლო მატჩი მანჩესტერში - ყველაფერი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაწყდება
- +

27 აპრილი. 2016. 13:08


 

ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი" მიიღო. გულშემატკივართა უმრავლესობა გახსნილ ფეხბურთს და უხვგოლიან საფეხბურთო ზეიმს ელოდა, თუმცა გუნდებმა ეს მოლოდინი ვერ გაამართლეს.


მანჩესტერში საკმაოდ ჩაკეტილი ფეხბურთი ვიხილეთ. ორივე გუნდი საკმაოზე მეტ ყურადღებას უთმობდა საკუთარი კარის უსაფრთხოებას, რაც გარკვეულწილად გასაგებიცაა, ვინაიდან წინ განმეორებითი შეხვედრაა და ამ მატჩში ერთი გაშვებული გოლიც კი შეიძლება მძიმედ დაჯდომოდა გუნდს.


მატჩის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. მისი არყოფნა შეტევებში საგრძნობლად დაეტყო „სამეფო კლუბის" თამაშს. მისი შემცვლელის, ლუკას ვასკესის დონე კი ნამდვილად არ შეესაბამებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპს, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ოსტატობის რამდენიმე გამოვლინება წარმოგვიდგინა. ფაქტობრივად, სრულად ინერტიული იყო ქარიმ ბენზემა, რომელის თამაშის ალბათობაც მატჩის დაწყებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.


რაც შეეხება მანჩესტერულ კლუბს, იაია ტურეს არყოფნა გუნდს საგრძნობლად ეტყობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერნანდინიომ და ფერნანდომ ერთობლივი ძალებით მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.


გუნდები ბურთს თითქმის თანაბრად ფლობდნენ, თუმცა „რეალის" შეტევები გაცილებით მწვავე და მასობრივი იყო, რაც კარში დარტყმებისა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების რაოდენობაზეც აისახა.


პირველი რეალური მომენტი 70-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ლუკას ვასკესის ჩაწოდების შემდეგ ხესემ თავით დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰარტი სიტუაციას აკონტროლებდა. ინგლისელი მეკარე უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ორ ეპიზოდში მართლაც იხსნა გუნდი გაშვებული ბურთისგან და განსაკუთრებით მაინც პეპეს ეპიზოდია გამოსარჩევი, როდესაც კარის ხაზიდან 2-3 მეტრის დაშორებით მდგომმა პორტუგალიელმა მცველმა ძლიერად დაურტყა მეკარეს, მაგრამ ეს უკანასკნელი შესანიშნავად „გაიშალა" და საკუთარი გუნდის ხსნა მოახერხა.


მადრიდელთა რიგებში მთვარი პრობლემა გამთამაშებლის არყოფნა იყო. მოედნის ეს მონაკვეთი ცარიელი იყო, რომ „სამეფო კლუბის" თავდასხმა სრულად მოწყვეტილი იყო დანარჩენ გუნდს. კაზემირო და მოდრიჩი სიღმიდან თამაშობდნენ, კროოსსაც ხშირად უწევდა საკუთარ მოედანზე თამაში. ეს ყველაფერი გარკვეულწილად გამოსწორდა მეორე ტაიმში, როდესაც მოედანზე ხესე გამოჩნდა, თუმცა არც ესპანელია ის ფეხბურთელი, რომელიც „რეალს" ამ პოზიციაზე სჭირდება. სეზონის დასაწყისში იმედოვნებდნენ, რომ ამ პრობლემას ხამეს როდრიგესი მოაგვარებდა, თუმცა ზინედინ ზიდანი კოლუმბიელს არ წყალობს, რაც არგუმენტს მოკლებული ნამდვილად არაა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ნამდვილად არაა.


დაპირისპირების დასასრულს ტაბლოზე კვლავ 0-0 ფიქსირდებოდა და ყველაფერი „სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაწყდება. მატჩის მსვლელობისას, ოპერატორებმა ტრიბუნებზე მჯდარი ბრაზილიელი რონალდო („კიჭა") დააფიქსირეს. რამდენიმე სპორტულმა გვერდმა ხუმრობით ამ ეპიზოდს მატჩის საუკეთესო მომენტი უწოდა.




„მანჩესტერ სიტი" - „რეალი"

 

„სიტი" (4-3-2-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (სტერლინგი 77'), დე ბრუინი, სილვა (იეანაჩო 70') - აგუერო;


„რეალი" (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ისკო 89') - ბეილი, ვასკესი, ბენზემა (ხესე 46');


გაფრთხილება: სილვა - პეპე, კარვახალი;

 

მაყურებელი: 55 000





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner